ფეხბურთი

3:56 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" უპირატესობა გაზარდა

იტალიის სერია A-ს XXI ტურის შემდეგ ლიდერმა „იუვენტუსმა“ ისედაც სოლიდური სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და საჩემპიონო ინტრიგა ნელ-ნელა ქრება. „ნაპოლის“ წაფორხილების შემდეგ ტურინული გრანდი რომში, „ლაციოს“ ეწვია და დაამარცხა.

„ლაციომ“ ტურინული გრანდი თითქმის მთელი მატჩის განამვლობაში დაჩაგრა და რომა არა, ვოიცეხ შჩესნი თამაშის ბედს ბევრად ადრე გადაწყვეტდა. თუმცა, პოლონელი მეკარე უბრალოდ ბრწყინვალედ ირჯებოდა. „არწივებმა“ კოლოსარული უპირატესობა გოლში 59-ე წუთზე ასახეს. ემრე ჯანმა მასპინძელთა კუთხურის მერე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. „ლაციო“ დაწინაურდა, თუმცა არ გაჩერებულა. რამდენიმე საგოლე მომენტი კიდევ შექმნა. ჩირო იმმობილე და ლუის ალბერტო ძალიან ახლოს იყვნენ გოლთან. ამასობაში, მასიმილიანო ალეგრიმ თამაშში ფედერიკო ბერნარდესკი და ჟოაუ კანსელუ ჩართო. სწორედ მათი ძალისხმევით „იუვემ“ თამაში შემოატრიალა და მოიგო კიდეც. ტურინელემა პირველი კუთხური 71-ე წუთზე ჩააწოდეს, ხოლო კარში ასევე პირველად 74-ე წუთზე დაარტყეს და გოლიც გაიტანეს. ბერნარდესკის აქტიურობის შედეგად, დიბალამ დაარტყა და მეკარემ მოიგერია. თუმცა, ცუდად და იქვე კანსელუ იყო, რომელმაც ზუსტად დაამატარა და ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე, „იუვე“ საერთოდ წინ გავიდა. ბერნარდესკის ჩინებულ პასს კანსელუ უნდა გამოხმაურებოდა, მაგრამ კარის წინ წააქციეს და პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად რონალდუმ აქცია. ნამატჩევს, ალეგრიმ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სეზონში უცუდესი 60 წუთი ჩაატარა და ძნელია არ დავეთანხმოთ. ასე იყო, თუ ისე, „იუვენტუსმა“ გაიმარჯვა და უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 11 ქულით უსწრებს, რაც ცალსახად სოლიდური უპირატესობაა.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება: მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა მილანის „ინტერმა“ და რა გასაკვირია, რომ წააგო. ეს ტურინში, „ტორინოსთან“ მოხდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ვერადავერ დასტაბილურდა და მართალია, მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ, როგორც ამ გადმოსახედიდან ჩანს, ეს მაქსიმუმი იქნება. სხვათა შორის, „ნერაძურის“ ბოსებმა დაადასტურეს, რომ ივან პერიშიჩი გუნდიდან მიდის და თავად მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება.

„რომა“ ბერგამოში „ატალანტას“ ეწვია, სადაც თამაში ადვილი არავისთვისაა. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. ახლაც ასე მოხდა. არადა, თავიდან ამას არაფერი მოასწავებდა. „რომამ“ ჩინებულად დაიწყო და უკვე მე-40 წუთზე 3:0-ს იგებდა! ედინ ჯეკომ დუბლი შეასრულა, ხოლო ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო 19 წლის ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, „ჯალოროსის“ 3 ქულის მოსაპოვებლად ეს მაინც არ ეყო. ბერგამოელებმა ერთი ბურთი პირველივე ტაიმში გაქვითეს, ხოლო მეორე ნახევარში საერთოდ გაათანაბრეს და შეხვედრა, რომელსაც „რომა“ სამბურთიანი სხვაობით იგებდა, 3:3 დასრულდა... ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს დაკარგული ორი ქულა შესაძლოა სეზონის ბოლოს ძალიან ძვირად დაუჯდეს.

„ფიორენტინამ“ ღრმა აუტსაიდერ „კიევოს“ თრილერში მოუგო. „იებმა“ ტავიდან კარგად დაიწყეს და ორბურთიანი ფორა შეიქმნეს, მაგრამ „მფრინავმა ვირებმა“ გაათანაბრეს. თანაც, სტუმრებს მარკო ბენასი გაუძევეს და თითქოს, „კიევოს“ გამარჯვებაზეც უნდა გაეწია. თუმცა, ბრწყინვალე ფედერიკო კიეზა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ბოლოს ვერონელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს გატანა, მაგრამ დრო აღარ იყო - 3:4.

„ბოლონიამ“ შინ „ფროზინონესთანაც“ წააგო. თუმცა, წაგებაცაა და წაგებას - 0:4. მატჩის შემდეგ ტიფოზებმა გუნდის საშინელი ასპარეზობა გააპროტესტეს, ხოლო ფილიპო ინძაგი ალბათ უახლოეს ხანებში დაკავებულ პოსტზე აღარ იქნება. „პიპოს“ დიდი ალბათობით, სინიშა მიხაილოვიჩი ჩანააცვლებს. და ბოლოს, „პარმა“ შინ „სპალს“ ინგლეზეს დუბლით 70ე-წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით უგებდა, მაგრამ ბოლო 20 წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგა და „სპალმა“ „ენიო ტარდინიზე“ 3:2 მოიგო.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:0)

რომი,“სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-4-3): სტრაკოშა; ბასტოსი (ნეტო 90), უოლასი, რადუ; პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ლუის ალბერტო (ბერიშა 81), იმმობილე (კაისედო 83), კორეა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი (კიელინი 41), რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, ემრე ჯანი, მატუიდი (ბერნარდესკი 60); დუგლას კოშტა (კანსელუ 70), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ემრე ჯანი (59, ა.გ), 1:1 კანსელუ (74), 1:2 რონალდუ (88, პენ)

გაფრთხილება: ლუკას ლეივა (49), მილინკოვიჩ-სავიჩი (80) - ემრე ჯანი (24), მატუიდი (49), დე შილიო (70), რუგანი (73), კიელინი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები:11 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკო გუიდა

„კიევო“ – „ფიორენტინა“ 3:4 (1:2)

გოლები: 0:1 მურიელი (4), 0:2 ბენასი (26), 1:2 სტეპინსკი (38), 2:2 პელისიერი (60, პენ), 2:3 კიეზა (79), 2:4 კიეზა (86), 3:4 ჯორჯევიჩი (89)

„ატალანტა“ – „რომა“ 3:3 (1:3)

გოლები: 0:1 ჯეკო (3), 0:2 ჯეკო (33), 0:3 ელ შაარავი (40), 1:3 კასტანიე (44), 2:3 ტოლოი (59), 3:3 ძაპატა (71)

„ბოლონია“ – „ფროზინონე“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 გილიონე (18), 0:2 ჩანო (21), 0:3 პინამონტი (52), 0:4 ჩანო (75)

„პარმა“ – „სპალი“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ინგლეზე (11, პენ), 2:0 ინგლეზე (53), 2:1 ვალოტი (70), 2:2 პეტანია (75), 2:3 ფარესი (87)

„ტორინო“ – „სპალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 იცო (35)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.240085