საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. შედეგად, ქართველ ლეგიონერს ენერგა ბასკეტ ლიგაში გამართულ სამ შეხვედრაში 65 ქულა აქვს ჩაგდებული.
დღეს, სანაძის "როსა რადომმა" სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ "არკა გდინიასთან" 73:100 წააგო, ჩვენებური კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
დუდა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 7 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
"როსა რადომს" 17 ტურში 5 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 თებერვალს, შინ, "კინგ შჩეცინთან" გამართავს.