ფეხბურთი

16:12 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო სალას და: "ჩემი ძმა ცოცხალია და მჯერა, რომ ვიპოვი"

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალას ძებნა უკვე შეწყვეტილია, თუმცა მისი და, რომინა სალა კარდიფში ჩავიდა, რომ ძმა იპოვოს. არგენტინელი ფეხბურთელის და დარწმუნებულია, რომ ემილიანო ცოცხალია და მალე დაბრუნდება.

„რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შოკში ვარ, მაგრამ ყველაფერი ეს, რაც აქ ხდება, ეს სითბო იმედს მაძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ ემილიანო და პილოტი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ხალხის რეაქცია სოციალური ქსელის მეშვეობით წარმოუდგენელი იყო. თუმცა, გვინდა, რომ ძებნა გაგრძელდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ამბავში. განსაკუთრებით, ფეხბურთელებს.

ჩვენ ნამდვილად მადლობელი ვართ უკანასკნელ დღეებში მიღებული მხარდაჭერისთვის. აქ ჩამოვედით, ემილიანოს საპოვნელად, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ახლოსაა. მინდა ჩემი ძმა ვიპოვო, მზად ვარ ეს პერსონალურად გავაკეთო და მჯერა, ამას შევძლებ. ემილიანო ნამდვილი მებრძოლია.

ფეხბურთის თამაში მაშინ დაიწყო, როდესაც ძალიან პატარა იყო. მისი კარიერა საკმაოდ რთული გახლდათ, რადგან საკმაოდ ბევრს მოგზაურობდა 15 წლის ასაკიდან. თავმდაბალი ადამიანია, მეოჯახე ბიჭი, რომელსაც ხუმრობა უყვარს. როდესაც ემილიანო დაბრუნდება, ბედნიერი იქნება, როდესაც ხალხის ასეთ მხარდაჭერას დაინახავს“, - თქვა რომინამ.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა უკვე მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თვითმფრინავს, რომელიც ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, პოლიციამ ვერ მიაკვლია. სამდღიანი სამძებრო ოპერაცია უშედეგოდ დარსულდა, რის გამოც გერნსის პოლიციამ ძებნა შეწყვიტა.

თუმცა, სალას ოჯახმა შექმნა ფონდი, რისი მეშვეობითაც სამძებრო სამუშაოების გაგრძელება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ცნობილმა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელით მხარდაჭერა გამოხატეს, ხოლო გავრცელებული ცნობით, ნგოლო კანტე საერთოდ მზადაა, რომ პირადად დააფინანსოს სამძებრო ოპერაცია.

0.122357