სხვა

14:17 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა 4 მედალი ევროპის თასზე
ბათუმი კოკაის სახელობის ევროპის თასს უმასპინძლებს

უნგრეთის ქალაქ ერდში დასრულდა ევროპის თასის პირველი ტური სამოყვარულო სუმოში, რომელიც ამავდროულად 2021 წლის მსოფლიო თამაშების სარეიტინგო ტურნირიც გახლდათ.

საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენს ქვეყანას შეჯიბრებაზე ორი წარგზავნილი ჰყავდა: ზურაბ აქუბარდია და ლაშა ჯელაძე, და ორივე მათგანმა ორ-ორი მედალი ჩამოიტანა. საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

მძიმე წონით კატეგორიაში (+115 კგ.) ქართული ფინალი ვიხილეთ - აქუბარდიამ ჯელაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ოქროს მედალთან ერთად, მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა.

კიდევ ერთ ფინალში გავიდა ლაშა ჯელაძე თავისუფალ (იგივე აბსოლუტურ) წონით კატეგორიაში, სადაც იგი უკრაინელ ანტონ ვერესიუკთან დამარცხდა და მეორე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ზურა აქუბარდია კი ამ წონაში ბრინჯაოს დასჯერდა.

ჩვენს სუმოტორებთან ერთად უნგრეთში იმყოფებოდა საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), რომელმაც ევროპის სუმოს მესვეურთა მიერ გამართულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და სუმოს მოყვარულებს ერთი ძალიან კარგი საჩუქარიც ჩამოუტანა. გადაწყდა, რომ წელს, ივლისში, ბათუმში ჩატარდება კოკაის სახელობის ევროპის თასი, რომელიც საკმაოდ სერიოზული სამოყვარულო ტურნირი იქნება.

თეგებიკოკაისუმო
0.138933