ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ვაჟთა მოკლე პროგრამა შედგა და ფინალური რაუნდის საგზური ორივე ქართველმა ფიგურულად მოციგურავემ შესძლო, თუმცა, ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა მორის ყვითელაშვილმა თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა.
23 წლის ყვითელაშვილი უძლიერესად მიჩნეულ ბოლო ექვსეულში გამოდიოდა, მაგრამ ნახტომები სათანადო დონეზე ვერ შეასრულა, მსაჯებისგან მხოლოდ 73.04 ქულა (35.53 პროგრამული კომპონენტებესთვის+38.51 ტექნიკური ელემენტებისთვის) მიიღო და 35 მონაწილეს შორის მე-15 შედეგი აჩვენა. ცნობისთვის, მოკლე პროგრამაში მორისის საუკეთესო შედეგი 89.94 ქულა გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალის საგზურს 24 საუკეთესო სპორტსმენი იღებდა და სწორედ ბოლო გამსვლელი საფეხური ერგო უფროსების ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ ირაკლი მაისურაძეს, რომელმაც მოკლე პროგრამისთვის 60.89 ქულა (31.67 პროგრამული კომპონენტებესთვის+31.2 ტექნიკური ელემენტებისთვის) დაიმსახურა. 18 წლის მაისურაძის საუკეთესო შედეგი 74.54 ქულაა.
პირველი დღის შემდეგ ლიდერის მანტია რუსმა მიხაილ კოლადამ მოირგო, რომელმაც 100.49 ქულა მოაგროვა და უკან თანამემამულე ალექსანდერ სამარინი (91.97) და უმთავრეს ფავორიტად შერაცხული ესპანელი ხავიერ ფერნანდესი (91.84) მოიტოვა.
ვაჟთა თავისუფალი პროგრამა 26 იანვარს გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 12:15 საათზე დაიწყება.