საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) სპორტსმენთა დოპინგ-ტესტირების მხრივ სრული დატვირთვით მუშაობა შეეძლება.
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ RUSADA-ს შესაბამისობის სტატუსი დაადასტურა და რუსეთის მხარისთვის წაყენებულ მოთხოვნათა შესასრულებლად მუშაობას აგრძელებს. რუსეთს დასკვნითი პუნქტი აქვს შესასრულებელი - 30 ივნისამდე WADA-ს გადასცეს მოსკოვის ლაბორატორიაში დაცული დოპინგ-სინჯები.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ლაბორატორიის 2011-2015 წლების მონაცემები შესაძლოა ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შედეგების ცვლილებების მიზეზი გახდეს. კერძოდ, თუ 2015 წლის 10 ნოემბრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები გაყალბებული აღმოჩნდა, რუსეთს გარკვეული ვადით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზობების ჩატარების უფლება აღარ ექნება. გარდა ამისა, რუსეთის ოფიციალურ პირებს, სპორტსმენებს და დამხმარე პერსონალს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
WADA-ს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის გიუნტერ იანგერის განცხადებით, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შემოწმება დაიწყება ყველაზე საეჭვო შემთხვევებით. მისი თქმით, ორგანიზაციას ასეთი შემთხვევები უკვე განსაზღვრული აქვს.