გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველ ლეგიონერთა კლუბი ამჯერად "ალ არაბის" დაუხვდა და 79:76 იმარჯვა.
ცინცაძეს სავარაუდოდ ტრავმის გამო არ უთამაშია, ბერიშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
მიშამ 5-დან 2 ორქულიანი და 16-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველთა გუნდში ტრადიციულად საუკეთესო მოჰამედ ჰარატი იყო, რომელმაც 30 ქულა და 22 მოხსნა მიითვალა.
"ალ შამალს" 9 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს "ყატართან", რომელსაც 27 იანვარს დაუპირისპირდება.