ევროთასის G ჯგუფის მეოთხე ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. ესპანურმა გუნდმა საფრანგეთში „ლიმოჟი“ ბოლო პერიოდში გატეხა და დაძაბულ შეხვედრაშუ 87:77 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე ზუსტად 15 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში შერმადინმა 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა ამ კუთხით თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაიან რობერტსს (23) და მატიას ლესორს ჩამორჩა (26). რობერტსმა საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო ლესორმა 14 ქულა და 8 მოხსნა შეაშველა მალაგელებს.
„უნიკახას“ 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვების წილ 1 წაგება აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 30 იანვარს, ქვეჯგუფის ლიდერ „ვალენსიას“ უმასპინძლებენ.