სხვა

17:00 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ინსაიდი თურქეთის სუპერლიგაში

ქალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი, ქეთი კუნელაშვილი პირველ სეზონს ატარებს პროფესიულ კლუბში. 26 იანვარს განახლდება თურქეთის სუპერლიგა, სადაც პატარა ლაზური ქალაქის, არდაშენის გუნდი 10 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.

— 26 იანვარს იზმირში გვაქვს ჩემპიონატის თამაში, ხოლო იქამდე თურქეთის თასზე გვქონდა 3 მატჩი. აქ ჯერ ჯგუფური ეტაპის პირველი წრეა. მოვუგეთ ელაზიგსფორს (34-26) და მასპინძელი ქალაქის, გიორელეს გუნდს (41-36), დავმარცხდით იენიმაჰალესთან (29-35), რომელიც ჩემპიონატში ჩვენს შემდეგ, მესამე ადგილზეა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველი მატჩი ელაზიგთან, სადაც 6 გოლი გავიტანე.

მე ჩემპიონატში მოგვიანებით ჩავერთე. სანამ სატრანსფერო საბუთები გაფორმდა, ორი თამაში გამიცდა. შემდეგ ყველაფერი მოგვარდა და „არდაშენთან“ უკვე პროფესიული კონტრაქტი მაქვს, მაგრამ, აქ ზრდასრული ქალების გუნდია, მე კი 19 წლის ვარ და პირველ წრეში ცოტას მათამაშებდნენ. აქამდე 7 მატჩში სულ 3 გოლი მქონდა გატანილი. ვთამაშობდი დაახლოებით 15-20 წუთს. შეტევაში ხან მარცხენა ინსაიდი ვარ, ხან გამთამაშებელი, დაცვაში კი უფრო ხშირად კუთხეში ვდგავარ, ხანდახან მეორე პოზიციაზეც. ახლა იმედი მაქვს, რომ უფრო მენდობიან.

— როგორ ფიქრობ, სეზონის ბოლომდე ისე მოძლიერდები, რომ 30 წუთი გათამაშონ?

— რა თქმა უნდა. თურქეთის ლიგაში ბევრი უცხოელი თამაშობს. შეზღუდვა არ არის, მაგრამ თითო უცხოელზე კლუბს 2500 ევრო აქვს გადასახდელი. შესაბამისად, ტყუილად აქ არავინ აგიყვანს, თუ შენი იმედი არა აქვთ და პერსპექტივა არ შეგამჩნიეს. სულ დაძაბული თამაშები გვაქვს. ლიგაში ერთადერთი გუნდია აშკარად სუსტი, დანარჩენები კი ერთმანეთს დიდ წინააღმდეგობას უწევენ. ახლა მეორე ადგილზე ვართ. პირველზე „კასტამონუა“, მაგრამ ჩვენ მას პირველ წრეში 33:30 მოვუგეთ.

ჩემს გარდა კლუბში არიან მაკედონიელი და უკრაინელი ლეგიონერები. მოთამაშეების უმეტესობა თურქია, ოთხი ხელბურთელი კი საკუთრივ არდაშენიდანაა. ქალაქი პატარაა, 25 ათასამდე მაცხოვრებლით და თითქმის ყველა ლაზია. ქალაქში ერთადერთი, ჩვენი გუნდია და ყველა თამაშზე დარბაზი სავსეა. ერთი-ორჯერ ქალაქშიც კი გამაჩერეს, მიცნეს. ზაფხულზე ჩემს შესახებ გაზეთში ეწერა, „არდაშენში“ ქართველი მოთამაშე ჩამოდისო. აქაურ ხელბურთელ გოგონებს ისედაც ვიცნობდი - თბილისშიც ჩამოსულან ჩვენს გოგონათა ნაკრებთან სათამაშოდ და ჩვენც ნამყოფები ვართ არდაშენში. ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა ძალიან სასარგებლოა. მაქსიმალურად მეხმარებიან, მასწავლიან. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა.

— როგორი პირობები გაქვს?

— ნორმალური. კარგი, შეიძლება ითქვას, არაფერს ვუჩივი. მე და უკრაინელი ოლგა ვაშჩუკი ვცხოვრობთ ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ხელბურთის გარდა ბევრი დრო მაქვს, არც ქალაქია განსაკუთრებით დიდი, მაგრამ გარშემო მთებია და იქ ავდივართ ხოლმე. ამ მთებიდან ულამაზესი ხედი იშლება. ვერ დავიკვეხნი, რომ მოკლე დროში თურქული სრულყოფილად ვისწავლე, მაგრამ აზრის გაგებინების პრობლემა არ მაქვს.

— ვარჯიშზე მწვრთნელები რა ენაზე გელაპარაკებიან?

— თურქულად. თუმცა, ხელბურთთან დაკავშირებით ყველაფერს ვიგებ. თუ რამე მაინც ვერ გავიგე, მაკედონიელი თანაგუნდელი მითარგმნის ხოლმე.

— ვარჯიშებზე დიდი დატვირთვა გაქვთ?

— ერთ ამბავს მოგიყვებით: ადრე დაჩვეული ვიყავი, რომ წვიმაში კროსებს არ გვარბენინებდნენ, რათა არ გავციებულიყავით. ამ ზაფხულს კი „არდაშენში“ რომ ჩავედი პირველივე ვარჯიზე, დილის 7 საათზე სირბილი მომიხდა. ეს იყო ახალ სეზონში გუნდის სულ პირველი ვარჯიში. ადრიანად რომ გავიღვიძე, დავინახე, რომ წვიმდა. ჩემი უკრაინელი თანაგუნდელი ოთახში იჯდა და ყავას სვამდა. მკითხა: საწვიმარი თუ გაქვსო. არ წამომიღია, მეთქი. კარგი, ორი მაქვს და ერთს გათხოვებო. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ წვიმის გამო ვარჯიში ან ჩაიშლებოდა, ან საღამოსთვის გადაიდებოდა. შენც არ მომიკვდე. დანიშნულ დროზე გაგვიყვანეს და სირბილით სული ამოგვხადეს.

— საერთოდ, ხელბურთის თამაში როდის დაიწყე?

— 2013 წელს, ყვარელში, ზურაბ ხარებაშვილთან და გოჩა ღონიაშვილთან. არდაშენის მსგავსად, ყვარელიც სახელბურთო ქალაქია. ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონი ჯერ გოგონათა შორის და მერე ქალებშიც. მე და რამდენიმე ყვარლელი გოგონა მალევე მოვხვდით გოგონათა ნაკრებში და იქ სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი ვითამაშეთ, მათ შორის, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და ქალთა ტროფი თბილისში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევები, ეროვნულ გუნდშიც გვქონდა დებიუტი. ყველას ვებრძოლეთ, დაგვიმარცხებია ლატვია, ისრაელი, ბელგია, სლოვაკეთი... ოლიმპიურ ფესტივალზე სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ რუმინეთს, რუსეთსა და გერმანიას. გერმანიასთან 10 გოლი გავიტანე, და სულ 5 ბურთით წავაგეთ. შემდეგ წელს, ქალთა ტროფის ფინალში გავედით, მე კი ამ თამაშში მხარი ამოვიგდე და დაჯილდოების ნაცვლად საავადმყოფოში მოვხვდი.

არის ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს ხელბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. პირველი მწვრთნელების გარდა ესენი არიან გოგონათა ნაკრების მწვრთნელი გიორგი გვაზავა და მენეჯერი, ლანა მარგიანი. 2017 წელს საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, რომელიც განსაკუთებულად ზრუნავს ქალთა ხელბურთზე, სტაჟირებაზე მომაწყო ესპანეთის „გრანოლერსში“. აქ ერთი სეზონი ვთამაშობდი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ესპანეთის მეორე ლიგაში.

„არდაშენი“ ჩემი პირველი პროფესიული კლუბია და იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერა კარგად განვითარდება - როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო. ჩვენი ასაკის გუნდიდან უკვე სამნი ვთამაშობთ უცხოურ კლუბებში. უკვე მეორე-მესამე თაობებიც წამოვიდნენ, ოღონდ ჯერ ძალიან პატარები არიან. უფროსებიც სულ 19-20 წლისანი ვართ. დრო გვინდა და შედეგებიც ნელ-ნელა წამოვა.

ქეთი კუნელაშვილი: დაიბადა 1999 წლის 22 აგვისტოს ყვარელში. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2013 იქვე, ზურაბ ხარებაშვილთან და გოჩა ღონიაშვილთან. კარიერა: ყვარელი (2013-17, საქართველოს ჩემპიონი, 2017) - გრანოლერსი (ესპანეთი, ახალგაზრდული გუნდი, 2017-18) - არდაშენი (თურქეთი, 2018-19). საქართველოს ნაკრებებში უთამაშია: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (2015), EHF ტროფიზე (2016, მეორე ადგილი), ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების 3 შესარჩევ ტურნირზე (2015-2018), 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გეტებორგში (2016) და ეროვნულ ნაკრებში ევრო 2018 წლის შესარჩევ ტურნირზე. სულ საქართველოს ყველა ნაკრებში - 8 ოფიციალური ტურნირი, 28 მატჩი, 118 გოლი.

0.114948