კალათბურთი

23:12 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და "ბუდუჩნოსტის" დრამატული გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე

ადრიატიკის ლიგის მე-16 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“, რომელმაც ზაგრების „ცედევიტა“ ძალზე დრამატულ და დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა - 80:78.

მთელი შეხვედრა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა და ლოგიკურიც იყო, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. „ცედევიტა“ ახლოს იყო გამარჯვებასთან და საფინალო სირენამდე 2 წუთი ადრე იგებდა კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დაცვაში კარგი თამაშით და ზუსტი შეტევებით თამაში შემოატრიალეს. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე „ბუდუჩნოსტი“ 80:78 იგებდა, ხოლო ბურთი მეტოქეს ჰქონდა. ბოლო სტყორცნა ხორვატთა მხრიდან საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჯეიკობ პულენმა ითავა, თუმცა მას ნორის კოულმა დაუფარა და მატჩიც დასრულდა.

გოგა ბითაძე ორმაგი დუბლით გამოირჩა. 19 წლის ქართველი ცენტრი პარკეტზე 21:58 წუთის განმავლობაში იყო და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

გოგამ 6-დან 2 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. სამჯერ კი, ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ გოგა მესამე პერიოდიდან მოყოლებული 4 ფოლით თამაშობდა, თუმცა შეხვედრა მეხუთე ჯარიმის გარეშე ჩაამთავრა. თავის მხრივ, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ. აქვე ვთქვათ ისიც, რომ გოგამ მატჩის გადამწყვეტ ფაზაში დაცვაში დიდი სამუშაო შეასრულა და „ცედევიტას“ ორი მნიშვნელოვანი შეტევა მისი კარგი თამაშის წყალობით ჩაიშალა.

შეხვედრის საუკეთესო მექულე ჯეიკობ პულენი გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ლეგიონერმა 27 წუთში 25 ქულა დააგროვა. პულენმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო და 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

„ბუდუჩნოსტმა“ ამ გამარჯვების შემდეგ 11 მოგებითა და 5 წაგებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, გაასწრო რა, ბელგრადის „პარტიზანს“. ადრიატიკის ლიგაზე პოდგორიცელები მომდევნო მატჩს 29 იანვარს, სტუმრად „ოლიმპიასთან“ ჩაატარებენ, თუმცა იქამდე ევროლიგაში „გრან კანარიასთან“ მოუწევთ გარჯა.

0.169936