ფეხბურთი

11:40 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მომავლის "ფანტაზისტა" (+VIDEO)

იყო დრო იტალიის სერია A ვარსკვლავებს ვერ იტევდა. ფეხბურთელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მათ შორის ბევრი იტალიელი გახლდათ. რომელი ერთი გავიხსენოთ - რობი ბაჯო თუ ფრანჩესკო ტოტი, ალექს დელ პიერო თუ პიპო ინძაგი, ბობო ვიერი თუ ჯანფრანკო ძოლა, ფაბიო კანავარო თუ ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი თუ ფრანკო ბარეზი. მოკლედ, სხვანი და სხვანი...

თუმცა, ეს დრო წარსულმა შთანთქა და თითქოს მდინარეც გაიყინა. ყინული კი ვერაფრით გადნა, კალჩოში უკვე წლებია ვარსკვლათა სიმწირეა და მათ შორის, ვეღარც იტალიელი ფეხბურთელები იპყრობენ მწვერვალებს. ეს იტალიის ნაკრებზეც აისახა და „სკუადრა აძურას“ ბოლოდროინდელ ფიასკოებზე ახლა არ ვისაუბრებთ. ასეთ ფონზე, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენის შემთხვევაში იტალიური საფეხბურთო სამყარო იმედით აღივსება ხოლმე და მიდის მსჯელობა, ვის, რა მომავალი ექნება. ეს იქეთ იყოს და, დღეს სერია A-ში ერთი საინტერესო ტალანტი ირჯება - ნიკოლო ძანიოლო.

19 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველი, რომლის სათამაშო მანერას რიკარდო კაკას ადარებენ და „ახალ კაკადაც“ მონათლეს. არავინ იცის, ძანიოლო კაკას დაპყრობილ მწვერვალებს შესწვდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, პოტენციალი დიდი აქვს. ნიკოლო „რომას“ ღირსებას იცავს და დედაქალაქურ გუნდში „ხურდის როლში“ აღმოჩნდა. გასულ ზაფხულს „ჯალოროსიმ“ მილანის „ინტერს“ ბელგიელი რაჯა ნაინგოლანი დაუთმო და ბუნებრივია, ერთ-ერთ ლიდერს უსასყიდლოდ არ შელევია. „ნერაძურიმ“ ბელგიელის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გაიღო და ხურდაში ორი ფეხბურთელიც გაგზავნა რომის მიმართულებით - გამოცდილი, მაგრამ ვერაფრით გამორჩეული დავიდე სანტონი და სრულიად უცნობი ნიკოლო ძანიოლო.

ეს უკანასკენლი ტოსკანელია და მისი საფეხბურთო კარიერაც ამ მხარის დედაქალაქში, ფლორენციაში დაიწყო. „ფიორენტინას“ აკადემიაში ძანიოლოზე დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ფეხბურთელი ვერ შეინარჩუნეს. 2016 წლის ზაფხულში „ფიორენტინას“ სურდა ნიკოლოსთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება და შემდეგ იჯარით გაშვება, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. თუმცა, ძანიოლოს მამამ, იგორმა (რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო და სერია B-ს გუნდებში თამაშობდა) „იების“ ეს წინადადება არ მიიღო. შედეგად, ნიკოლო მოკრძალებულ „ვირტუს ენტელაში“ აღმოჩნდა, რომლის რიგებშიც 2016-2017 წლების სეზონში სერია B-ში 7 თამაშიც ჩაატარა. მერე კი, 2017 წლის ზაფხულში „ინტერმა“ გადაიბირა 2 მილიონის ევროს სანაცვლოდ. მილანურ გრანდში ძანიოლოს ერთი ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული და დანარჩენი დრო მხოლოდ პრიმავერაში გაატარა (ახალგაზრდული გუნდი). გასულ სეზონში პრიმავერაში 13 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ზაფხულში იტალიის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზეც ითამაშა. „აძურინიმ“ ტურნირზე ასპარეზობა მასპინძელ ფინეთთან მატჩით დაიწყო და გამარჯვების გოლი სწორედ ძანიოლოს აქტივში გახლავთ. საბოლოოდ, პატარა იტალიელები ფინალამდე მივიდნენ, სადაც დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში პორტუგალიასთან წააგეს (3:4) და ვერცხლის მედლებით მოუწიათ გულის ჯერება.

სხვათა შორის, ნიკოლოს მამა იგორი, შვილის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მთლიანადაა ჩართული:

„მის მომავალს ვხედავ, როგორც ზეედორფი ან კაკა, რომელიც მისი იდეალია. თუმცა, ამჟამად ეს მხოლოდ კარგი პერსპექტივაა. მისგან დაპირება მივიღე: ყველა ვარჯიშს მიუდგება, როგორც ოფიციალურ თამაშს. ახლა მესმის, რას გრძნობდნენ ჩემი მშობლები, როდესაც მე ვთამაშობდი - ეს გიჟური ემოციაა“, - ამბობს ნიკოლოს მამა.

როდესაც, სცენაზე ნაინგოლანის „ინტერში“ ტრანსფერი გამოვიდა, მილანელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, „რომას“ ხურდაში 19 წლის ნახევარმცველი დაუთმეს. სხვათა შორის, ეს რომაელთა თავკაცის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს ჩარევითაც მოხდა, რომელმაც იმთავითვე დაინახა მასში არსებული საფეხბურთო ნიჭი.

ძანიოლოს დებიუტი „რომაში“ 19 სექტემბერს შედგა. იმ დღეს, „რომა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალს“ ხვდებოდა. დი ფრანჩესკომ ბევრი გააკვირვა და სრულიად უცნობი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. მოკლედ, ძანიოლოს გზა დიდი ფეხბურთისკენ ლეგენდარული „სანტიაგო ბერნაბეუდან“ დაიწყო. სერია A-ში დებიუტი კი 26 სექტემბერს, "ფროზინონეს" წინააღმდეგ ჰქონდა.

ისე კი, სექტემბერში ნიკოლოს იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც უხმეს. რობერტო მანჩინიმ 19 წლის ფეხბურთელს ისე უხმო „სკუადრა აძურაში“, რომ სერია A-ში ერთხელაც არ ჰქონდა ნათამაშები. მაშინ მანჩინი ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მის ნაბიჯი უფრო ავანსს ჰგავდა.

„როდესაც ტელევიზორს ვუყურებდი და ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში ჩემი სახელიც ვნახე, ემოციებით სავსე ვიყავი. მაშინვე მამაჩემს დავურეკე და მან ტირილი დაიწყო. აქ ყოფნა ჩემთვის მოულოდნელია, მაგრამ უმიზეზოდ არ ვარ, მანჩინიმ ჩემში ალბათ რაღაც დაინახა. ვარჯიშებზე თვალს ვადევნებ გამოცდილ ფეხბურთელებს და ვცდილობ ვისწავლო“, - თქვა გასული წლის 5 სექტემბერს, იმხანად „კოვერჩანოს“ ბაზაზე მყოფმა ნიკოლომ.

მანჩინის ძანიოლოსთვის სათამაშო დრო არ მიუცია, უბრალოდ გააცნო ეროვნული ნაკრების გარემო და მიანიშნა, რომ მასზე დიდ იმედს ამყარებს. არაუშავს, ცალსახაა, რომ შორს არაა ის დღე, როდესაც იტალიის ნაკრების მაისურით მოედანზე გავა. სექტემბრის შემდეგ 4 თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. 19 წლის ბიჭი ტურიდან ტურამდე, თამაშიდან თამაშამდე უმატებს. უკვე „რომას“ შეუცვლელი წევრია და იტალიური მედია გამუდმებით წერს, რომ „ინტერმა“ უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე „რომამ“ (იგულისხმება ნაინგოლანი-ძანიოლოს არასრული ბარტერი).

ძანიოლოს უკვე დაუგროვდა 5 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და 11 შეხვედრა სერია A-ში. მოასწრო გოლების გატანაც. სადებიუტო გოლი გასული წლის 26 დეკემბერს, „სასუოლოს“ გაუტანა. ვისაც არ გინახავთ ეს გოლი, აუცილებლად უნდა ნახოთ. მასში მკვეთრად ჩანს დიდი ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თვისებები და ის სითავხედე, რომელიც პლანეტის ყველაზე პოპულარულ სპორტში თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია. ძანიოლო „სასუოლოს“ მეკარეს და მცველებს დამამცირებლად გაუსწორდა...

მეორე გოლი ნიკოლომ ორი დღის წინ „ტორინოს“ გაუტანა და ეს გოლიც შედის შედვრების კატეგორიაში. 4 მეტოქის გარემოცვაში 19 წლის ფეხბურთელმა ბურთის დამორჩილება და კარში გადაგზავნა ისე დამაჯერებლად შეძლო, რომ სიტყვით გადმოცემა მართლაც რთულია. სხვათა შორის, ყოფილი გუნდის, „ინტერის“ წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ თავი ვერ გამოიჩინა, მილანელთა დაცვას არაერთი თავსატეხი გაუჩინა. და საერთოდ, გოლები იქეთ იყოს და მისი ნიჭი ამით ნამდვილად არ განისაზღვრება. ვინც „რომას“ და ზოგადად, სერია A-ს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება - კალჩოში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მისი სათამაშო სტილი მართლაც ძალიან ლამაზია. თითქოს „რომას“ ახალი ფრანჩესკო ტოტი ჰყავს, ვნახოთ...

ისე კი, როგორც უკვე ვთქვით, კაკას ადარებენ. მისი კუმირიც ბრაზილიელია. „რომაში“ 22-ნომრიანი მაისურიც კაკას საპატივცემულოდ აირჩია:

„ჩემი შთაგონება? - მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი კაკას თამაშით“, - ნიკოლოს პასუხს არ დაუყოვნებია.

ძანიოლო იმ ფეხბურთელთა კატეგორიაში შედის, იტალიაში ძალიან რომ ფასობს და უყვართ, ე.წ „ფანტაზისტა“ - ამ სიტყვას თარგმნა ნამდვილად არ სჭირდება, ისედაც ნათლად ასახავს ყველაფერს. და, შეძლებს თუ არა, 19 წლის ნიკოლო ძანიოლო კაკას, ტოტისა და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელის გზის გავლას, „ფანტაზისტობას“, ამას დრო დაგვანახებს. ფაქტია, ბურთიც და მოედანიც მის განკარგულებაშია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101635