"ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა მისთვის მნიშვნელოვანი იყო და შეეცდება გუნდთან ერთად ტიტულის მოპოვებას.
"ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი კლუბში დარჩენა იყო. ვიგრძენი, რომ კიდევ გამაჩნია რესურსები, რომლითაც გუნდს დავეხმარები. ასევე, ეს იქნება გამოწვევა, რათან გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. პირველ წელს ვაჩვენე თუ როგორ გამოვიყურებოდი მძიმე ტრავმის შემდეგ და 10 წუთში დავანახე მსოფლიოს, რომ ყველაფერი რიგზე იყო.მინდა ვითამაშო იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შევძლებ." - განაცხადა ზლატანმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.
შვედი ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში 2018 წლის მარტში გადავიდა. გასულ წელს იბრამ 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასული წლის ბოლოს ზლატანმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად კი შვედი წელიწადში 7.5 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც MLS-ის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.