სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

3:30 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

Eurosport: გოგა ბითაძემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისი მომავალი NBA-ს უკავშირდება!

გოგა ბითაძემ ევროლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და საკალათბურთო სამყაროს კვლავ დაუმტკიცა, რომ უდიდესი ტალანტია. ჩვენებურმა „ბუდუჩნოსტს“ ულიდერა თვით მადრიდის „რეალთან“ და ესპანელთა გამოცდილი ცენტრები შეიძლება ითქვას დაჩაგრა კიდეც.

ბითაძის გენიალური თამაში „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ არ გამორჩენია გავლენიან გამოცემა Eurosport-ს, რომელმაც გოგას შესახებ მცირე, მაგრამ მრავლის მთქმელი წერილი გამოაქვეყნა სათაურით - ქართველმა „ბუდუჩნოსტს“ NBA-ს თვალით ულიდერა:

„გოგა ბითაძემ „რეალის“ გამოცდაც ჩააბარა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი მომავალი მალე NBA-ში იქნება. 19 წლის ქართველი ცენტრი „ბუდუჩნოსტის“ გამარჯვების მთავარი გმირი იყო 13 ქულით, 10 მოხსნით და 3 დაფარებით. ეს ყველაფერი ისეთი კალიბრის გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიც ვალტერ ტავარესი, გუსტავო აიონი და ფელიპე რეიესი არიან!“, - წერს ავტორიტეტული გამოცემა.

შეგახსენებთ, „ბუდუჩნოსტმა“ მადრიდის „რეალი“ 73:60 დაამარცხა, ხოლო ბითაძემ ხმაურიან გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, ხსენებულმა რეიესმა, აიონმა და ტავარესმა, სამივემ ერთად 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება დააგროვეს. მაშინ, როდესაც გოგამ მარტომ მოიხვეჭა 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება.

ნიშანდობლივია, რომ ბითაძემ ევროლიგაში კარიერაში სულ რაღაც მეხუთე მატჩი ჩაატარა და დიდებული სტატისტიკური მონაცემებით იწონებს თავს - 125:25 წუთი, 72 ქულა, 24/38 ორქულიანი, 2/8 სამქულიანი, 18/25 საჯარიმო, 37 მოხსნა (18 შეტევაში, 19 დაცვაში), 4 პასი, 3 ჩაჭრა, 16 დაფარება და 101 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

საშუალოდ ერთ თამაშში გოგას სტატისტიკა ასეთია:

წუთი - 25.05, ქულა - 14.4, ორქულიანი 63.2%, სამქულიანი - 25%, საჯარიმო - 72%, მოხსნა - 7.4, პასი - 0.8, ჩაჭრა - 0.6, დაფარება - 3.2, მარგი ქმედების კოეფიციენტი - 20.2.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113166