თელ-ავივის „ჰაპოელი“ 25 ათასი შეკელით (6 ათასი ევრო) დააჯარიმეს. ამის მიზეზი, ისრაელის ჩემპიონატის მე-18 ტურში მომხდარი ინციდენტი გახდა.
„ჰაპოელი“ თელ-ავივურ დერბში „მაკაბის“ დაუპირისპირდა და მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა სტუმართა გუნდის მისამართით ანტისემიტური და ნაცისტური შეძახილები გამოიყენეს.
„შოა „მაკაბის!“ ცნობისთვის, შოა არის ტერმინი, რომელსაც ებრაელები იყენებენ გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად.
„ჰაპოელმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრების საქციელი დაგმო, ხოლო ისრაელის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბს ურჩია, რომ საკუთარი გუნდის გულშემატკივრებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი, „იად ვაშემი“ აჩვენოს.
აქვე გეტყვით, რომ ისრაელის ჩემპიონატს 18 ტურის შემდეგ 46 ქულით „მაკაბი“ ლიდერობს, ხოლო „ჰაპოელი“ 17 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.