საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ „ციურიხში“ ერთი კვირის წინ გადავიდა, თუმცა უკვე მოასწრო ორი თამაშის ჩატარება. 18 წლის ჩვენებურმა „ურდინგენთან“ და დრეზდენის „დინამოსთან“ სპარინგ მატჩებში პირველი ტაიმები ითამაშა და როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპისთვის სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია.
მოგეხსენებათ, ლევანი „დინამო თბილისიდან“ შვეიცარიის სუპერლიგის ბინადარ გუნდში 1.5-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა და 5-ნომრიანი მაისურიც მოირგო.
WORLDSPORT.GE ხარაბაძეს შვეიცარიაში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა. იმედისმომცემმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ადაპტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს, სამწვრთნელო შტაბიც კმაყოფილია, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი აქვს.
- როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პერიოდი?
- კარგად მიმდინარეობს, ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ გარემოს. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად დამხვდნენ. დღეს, მთავარ მწვრთნელთან მქონდა შეხვდრა და ვისაუბრეთ ჩატარებული ორი მატჩის დეტალებზე, განვიხილეთ და ამჟამად კმაყოფილია. თუმცა, სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს.
- რა განსხვავებაა სავარჯიშო პირობებსა და სისტემას შორის?
- სავარჯიშო დისციპლინა გაცილებით მაღალ დონეზეა. შესაბამისად, ვარჯიშებზეც კი, თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალია, ვიდრე საქართველოში.
- რატომ „ციურიხი“?
- უბრალოდ მიმაჩნია, რომ კარგი საფეხურია ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
- ოთარ კაკაბაძე ახლაც შვეიცარიაში თამაშობს, ცოტა ხნის წინ ვაკო გვილიამ თამაშობდა. თუ გქონდათ მათთან საუბარი?
- წასვლამდე არა, მაგრამ როდესაც ტრანსფერი გადაწყდა, კაკაბაძეს ვესაუბრე და რა თქმა უნდა, დადებითად დაახასიათა. მითხრა, რომ კარგი გუნდი და ჩემპიონატიაო.