კალათბურთი

0:55 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგა “ვერას” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებებით დაიწყო

გუშინ ოლიმპიურ სასახლეში გამართული 2 მატჩით გაიხსნა “ა” ლიგა, რომელშიც მყოფი 6 გუნდი უახლოესი 3 თვის განმავლობაში სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს. 6 გუნდი ერთმანეთში 2 წრედ ითამაშებს და საუკეთესო 4 გუნდი, რომლებიც მომავალი სეზონის “ა” ლიგის საგზურებს შეინარჩუნებენ, პლეი ოფში გავა.

4 გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდება და მათ შორის საუკეთესო მომავალი სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო “ა” ლიგის ფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-9 ადგილზე გასულ გუნდთან სუპერლიგის საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს. “ა” ლიგის ის გუნდები, რომლებიც რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ პლეი ოფში ვერ გავლენ და 4-5 ადგილებს დაიკავებენ, ლიგაში შესანარჩუნებლად მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციო ეტაპში იბრძოლებენ.

თუმცა გადასასვლელ მატჩამდე ჯერ შორია. დღეს დაწყებულ “ა” ლიგის მატჩებში გამოჩნდა, რომ დებიუტანტი “ვერა”, რომელმაც დეკემბრის თვეში მოგებული საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად მოიპოვა “ა” ლიგის საგზური, სუპერლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა ვერელებმა “არენა-ორბი” 72:62 დაამარცხეს, თუმცა პირველი პერიოდის შემდეგ 20:5 იგებდნენ და მთელი თამაშის მანძილზე მათ ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. “ვერას” 21 ქულით ივან საიჩიჩმა ულიდერა. 17 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ბრაისონ სკოტმა. “არენა-ორბში” 16 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო არმანი ფლანინგანი, ხოლო გლენ ბარნსმა 15 ქულა მიითვალა.

მეორე მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა “თბილისს” სძლია. კსუ-ს უპირატესობა აშკარა იყო. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო ბრძოლა, თუმცა შემდეგ სერბი სპეციალისტის, ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 93:62 იმარჯვეს.

კსუ-ს ამერიკელმ ლეგიონერმა ვენდელ ლუისმა 20 ქულით ულიდერა. 15 ქულა მიითვალა მეორე ამერიკელმა ანდრე უოლკერმა, ოთარ პერტაიას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “თბილისში” 22 ქულითა დ 13 მოხსნით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი, სანდრო მეგენეიშვილმა კი თბილისელებს 18 ქულა შემატა.

“ა” ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში 17 იანვარს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში “მეგა ბასკეტი” და “აფხაზეთი” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი “ა” ლიგის დებიუტანტია. “მეგა ბასკეტი” წელს შეიქმნა და საკვალიფიკაციოდან ამოვიდა ლიგაში, “აფხაზეთი” კი სახელშეცვლილი შარშანდელი “სოხუმია”, რომელმაც გასულ სეზონში სუპერლიგა ბოლო ადგილზე გასვლის გამო დატოვა.

კსუ – თბილისი
სტატისტიკა: 93:62 არენა-ორბი – ვერა
სტატისტიკა: 62:72

www.gbf.ge

თეგები“ა” ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112694