კალათბურთი

23:53 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “ევროლიგაში ასეთ დებიუტს არ ველოდი და ამით, ძალიან ბედნიერი ვარ”
“თუკი რაიმე დიდის მიღწევა გსურს, გარკვეულ მსხვერპლზე უნდა წახვიდე”

ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გოგა ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუ და სპეციალური ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. 19 წლის ქართველ კალათბურთელს უმთავრეს ევროპულ ტურნირში შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, რაც შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. ეს ინტერვიუც, რომელიც ქართველი ქომაგისთვის უდავოდ საინტერესო იქნება, აღნიშნულის გამოძახილია.

“ძნელია წარმოიდგინო ისეთი სადებიუტო თვე, როგორიც პოდგორიცას “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ახალწვეულ გოგა ბითაძეს დეკემბერში ჰქონდა. ამ ახალგაზრდა ცენტრს მოედანზე გამოჩენის შემდეგ მხოლოდ 18 წამი დასჭირდა, რათა პირველი ქულები აეღო და თან მეტოქისთვის ფოლიც აეკიდებინა.
ევროლიგაში 4 მატჩის თავზე, ბითაძის სოლიდური საშუალო მონაგარი აქვს: 14.8 ქულა, 6.8 მოხსნა, 3.3 დაფარება. ქართველ ლეგიონერს რომ სეზონურ რეიტინგში შესვლისთვის საჭირო თამაშები ჰქონდეს ჩატარებული, აღნიშნული მაჩვენებლებით, ის მე-5 იქნებოდა ქულებსა და მოხსნებში და პირველი – ბლოკშოტებში. ამ ყველაფერს წინ უძღოდა გოგას ჩინებული თამაში ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირში...
- გასულ კვირას, ევროლიგაში თქვენს პირველ საშინაო მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმეთ. როგორი ემოციები გქონდათ?
- ერთგული ქომაგების თვალწინ თამაში დიდი გამოცდილებაა. ამ გარემოში ასპარეზობას მოუთმენლად ველოდი. ცხადია, ფანებმა ენერგია შეგვმატეს. მართალია, “დარუშაფაკა” სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა, მათ ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ. აღნიშნულ ატმოსფეროში თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე, თანაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ვიზეიმეთ, რაც ჩვენი თავდაჯერებულობისთვის საჭირო რამ იყო.
- 19 წლის ასაკში, ევროლიგაში თამაშიდან რა მოლოდინები გქონდათ და პირველი შთაბეჭდილებები როგორია?
- ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული ლიგა იყო, რადგანაც მატჩებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვუყურებდი. ახლა, როდესაც მოედანზე ყოფნა თავად მიწევს, ვხვდები, რომ ძალიან ათლეტურ კალათბურთელებს ვეთამაშები და მატჩებიც უფრო ფიზიკურად დატვირთულია, ვიდრე – ადრიატიკის ლიგაში. აქ უფრო კონტაქტური თამაშია და ეს ნამდვილად მომწონს, რადგანაც უფრო თავისუფლად და სწრაფად გარჯის საშუალება მაქვს. ესაა პირველადი შთაბეჭდილება. ვამაყობ, რომ ევროლიგაში ვთამაშობ. გასული 2 წლის განმავლობაში ოთხთა ფინალის მატჩებზე დასწრების საშუალებაც მქონდა. ის კიდევ სხვა რამაა, საოცარ ატმოსფეროში ხვდები და მინდა, ერთხელაც იმ გარემოს წევრი მეც გავხდე. ოთხთა ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა.
- ევროლიგაში გამორჩეული დებიუტი გქონდათ. ქომაგთა ნაწილი გაოცებულია, ნაწილი კი ნაკლებს არც ელოდა. ასე უცბად ახალ გარემოში ჩაწერა როგორ მოახერხეთ?
- არ ვიცი, ვინ რას ელოდა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი წნეხის ქვეშ ნამდვილად არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ისევე ვთამაშობდი, როგორც სხვა მატჩებში. მოედანზე 100%-ით ვიხარჯებოდი და ვცდილობდი, თამაშისგან მაქსიმუმი მიმეღო. როდესაც შეხვედრის მერე სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ, იმის თქმა უნდა შემეძლოს, რომ მოედანზე ყველაფერი გავიღე. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მთლად ასეთ სტარტსაც არ ველოდი. არ ვამბობ, რომ შეუდარებლად ვითამაშე, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გვარჯილვარ. ამით ნამდვილად ბედნიერი ვარ.
- ევროლიგაში პირველი მატჩი მიუნხენში ჩაატარეთ და მხოლოდ 18 წამი დაგჭირდათ, რათა პირველი ქულები აგეღოთ. საბოლოოდ, ის შეხვედრა 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 ბლოკშოტით დაასრულეთ. ასე წარმატებულად რის ხარჯზე ითამაშეთ?
- ვცდილობდი, მაქსიმალურად ჭკვიანურად მეთამაშა და ეპიზოდები წინასწარ წამეკითხა. ცხადია, დიდი მოტივაციაც ძალიან დამეხმარა და დაუზარელი შრომაც დამიფასდა. ჩემს ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსში” მთელი ზაფხულის განმავლობაში მართლაც ბევრი ვიმუშავე, კუნთოვანი მასა მომემატა და უფრო სწრაფიც გავხდი. ცხადია, თანაგუნდელებზეც უნდა ვთქვა. მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.
- შუა სეზონში გუნდის შეცვლა არათუ ახალგაზრდებისთვის, არამედ ვეტერანებისთვისაც კი რთული საქმეა. ახალ გარემოსთან სწრაფ შეუგუებაში რა დაგეხმარათ?
- ვფიქრობ, მთავარი ხელისშეწყობა თანაგუნდელებისგან მქონდა. “ბუდუჩნოსტი” ჩინებული გუნდი და ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა, განსაკუთრებით საწყის დღეებში იოლი პერიოდი ნამდვილად არ მქონია. საბოლოოდ, ყველაფერს ჯერაც არ შევგუებულვარ, მაგრამ თანაგუნდელები და მწვრთნელები ძალიან დამეხმარნენ. ამასთან, მტკიცედ მაქვს გააზრებული, რომ ჩემი საქმე კალათბურთის თამაშია. გუნდის შეცვლა იოლი ნამდვილად არაა, თუმცა, ესეც ჩვენი სამუშაოს ნაწილია.
- თქვენ “ბუდუჩნოსტში” იმ დროს მიხვედით, როდესაც გუნდმა ნორის კოულიც აიყვანა. “დარუშაფაკასთან” მოგებულ მატჩში გამარჯვების მომტანი ბურთი სწორედ მან ჩააგდო. კოულის დარი გამოცდილი თანაგუნდელის გვერდში ყოლა რამდენად მნიშვნელოვანია?
- ნორისი ნბა-ს ორგზის ჩემპიონია და ამით, მგონი, ყველაფერი ნათქვამია. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ამასთან ჩინებული პიროვნება და თანაგუნდელია. ჩემთვის მისდარი კალათბურთელის მხარდამხარ თამაში ძალიან კარგია და ბევრ რამესაც ვსწავლობ. ის ჩინებული გამთამაშებელია, მუდმივად პროცესშია ჩართული და ცდილობს, მოედანზე საქმე ყველას გაუადვილოს. მან უკვე გვანახა რა შეუძლია და ვფიქრობ, მეტიც ძალუძს. ნორისი ნამდვილი პროფესიონალი და დიდებული კალათბურთელია.
- თორნიკე შენგელია ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია, ტურნირში თავისი კვალი ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინსაც დაუტოვებიათ. თქვენთვის მათ ნაბიჯებზე სვლა რას ნიშნავს?
- ეს გასაოცარია. მათი მატჩების ყურებისას ვიზრდებოდი და ვცდილობდი, მათნაირი ვყოფილიყავი. მათი გზის გავლა დიდებულია, თანაც, ისინი უკვე ჩემი მეგობრები და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები არიან. როდესაც “ბუდუჩნოსტში” გადავედი, სოციალური ქსელით მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გამოცდილი კალათბურთელებისგან ასეთ ნდობას გრძნობ. ისინი ძალიან მიყვარს, მოედანზე თუ მის მიღმა, რაც შეუძლიათ, ყველაფრით მეხმარებიან. მათ ქართული კალათბურთისთვის დიდი საქმე აქვთ გაკეთებული. ჩვენს ნაკრებს მთელს მსოფლიოში სახელი სწორედ მათ გაუთქვეს და ევროლიგასაც თავისი ნიშა დაამჩნიეს. შენგელია ტურნირზე ახლაც ბრწყინავს, შერმადინს კი ევროლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული და ყველა გუნდში გამორჩეული ფიგურა იყო. ამასთან, ყველანი ჩინებული ადამიანები არიან. მანუ, ალბათ, საერთოდაც ყველაზე სასიამოვნო პიროვნებაა, ვისაც შევხვედრილვარ და საუკეთესო თანაგუნდელი. ბოისა ამჟამად ფედერაციაში მუშაობს და იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთან დარეკვაც ნებისმიერ წუთს შემიძლია. შემიძლია ვთქვა, რომ მათ ჩემი ოჯახის წევრებად აღვიქვამ.
- სახლი 16 წლის ასაკში დატოვეთ და თქვენი საკალათბურთო ოცნების განხორციელებას სერბეთში შეუდექით. ამ ნაბიჯმა თქვენს შემდგომ განვითარებაში რა როლი ითამაშა?
- რამდენიმე თვის განმავლობაში მართლაც გამიჭირდა. ოჯახისგან და მეგობრებისგან ჩამოცილება იოლი გადასატანი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ნელ-ნელა სიტუაციას შევეგუე. დასაფიქრებლად საკმარისი დრო მქონდა. იმ პერიოდში კარგად გავიაზრე, რომ თუკი რაიმე დიდი მიღწევა გსურს, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა გიწევს. ამასთან, “მეგა ბემაქსმა” უდიდესი სამუშაო გასწია. საქართველიდან ერთი მსუქანი ბავშვი ჩავედი, რომელმაც ფარქვეშ თამაში ნაკლებად იცოდა და მხოლოდ სამქულიანებს ესროდა. ახლა, კიდევ უფრო კარგად ვხედავ, მათ რამდენი რამ გააკეთეს, რათა ამ დონეზე გავსულიყავი. სწორედ იქ გავიზარდე, მივედი, როგორც ბავშვი და წამოვედი, შესაძლოა, არა როგორ ზრდასრული მამაკაცი, მაგრამ მაინც კაცი.
- რამდენიმე დღეში “ბუდუჩნოსტი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ეს, თქვენთვის რას ნიშნავს? ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს პოდგორიცაში რა გარემო დახვდება?
- საოცარი მატჩი იქნება. როგორც ყველა სხვა შეხვედრაში, ამჯერადაც მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. “რეალი” უმაღლესი დონის გუნდი და ევროლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, თუმცა, იმ ატმოსფეროში, რაც ჩვენს საშინაო თამაშებზე იქმნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემმა თანაგუნდელებმა აღნიშნული ყველას დაუმტკიცეს, როდესაც ცსკა-ს, “ბასკონიასა” და “ბარსელონას” მოუგეს. ცხადია, მომავალი მატჩი პირადად ჩემთვისაც გამორჩეული იქნება. შარშან ბელგრადში გამართული “ოთხთა ფინალისას” მადრიდელთა გარჯას თვალს ტრიბუნიდან ვადევნებდი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ უკვე წლეულს მათ წინააღმდეგ თამაში მომიწევდა. ახლა, ასეთი შანსი მეძლევა და 100% უნდა გავიღო, რათა ის მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო.
- “ბუდუჩნოსტისგან” სეზონის დარჩენილ ნაწილში რას უნდა ველოდეთ?
- მიუხედავად სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობისა, ყველას ვანახეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ბევრი ახალი კალათბურთელი და ახალი მწვრთნელი გვყავს და შესათამაშებლად გარკვეული დრო კიდევ გვჭირდება, თუმცა, ბრძოლის გამართვა ნებისმიერისთვის ძალგვიძს. “ბაიერნთან” და “მაკაბისთან” საგარეო თამაშების მოგებაც შეგვეძლო, თუმცა, ბოლოსკენ მცირედით არ გაგვიმართლა. სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ”.

0.112311