ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, მაროკოულ მარაკეშში, ორგანიზაციის სამიტზე, მომავალ, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდის თაობაზე იმსჯელებენ. ეს იდეა უკვე კარგა ხანია არსებობს, თუმცა ოფიციალურად მხარდაჭერილი ჯერ არ არის.
„ეს შეხვედრა ფიფას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდასთან დაკავშირებით პოლემიკას დაეთმობა. ვფიქრობ, საინტერესო გადაწყვეტილებას მივიღებთ.“ - უთხრა ინფანტინომ mapnews.ma-ს.
მაროკოს ტურისტულ ცენტრ მარაკეშში, სამიტი დღეს, 15 იანვარს დაიწყება. მონაწილეთა გაზრდის გარდა, სამიტზე 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე, ესპანეთის, პორტუგალიისა და მაროკოს ერთობლივ განაცხადსაც წარადგენენ.