კალათბურთი

0:03 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 26 ქულა ესპანეთში

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბულაშვილის კლუბმა სტუმრად “ინოვა ჩეფთან” 64:68 წააგო, ლუკა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35:44 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბულაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედოს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, შინ, “ნარონთან” ჩაატარებს.
A-A ლიგაში “ვალე დე ეგუესთან” გასვლითი მატჩი 67:59 მოიგო რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესმა”. ქართველი კალათბურთელი მოედანზე 11:46 წუთი იყო და აქტივში 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. რატიმ 3 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა ჰქონდა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 7 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩი კი 19 იანვარს, შინ, “მონდრაგონთან” ელის.

0.116816