ჩოგბურთი

15:12 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეი კარიერას ასრულებს
მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი ქრონიკულ ტრავმას ვერ გაუმკლავდა

მსოფლიოს ექს-პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო პერიოდში კარიერის დასრულებას აპირებს. ბრიტანელი ჩოგბურთელის თქმით, ეს სამწუხარო ამბავი არაუგვიანეს წლევანდელი უიმბლდონისა მოხდება.

მიზეზი ცნობილია: ენდის ბარძაყის ქრონიკული ტრავმა აწუხებს, რასაც სპორტსმენი ვერაფერს უხერხებს. ამ პრობლემის გამო, შოტლანდიელ ჩოგბურთელს 2017 წლის უმბლდონის შემდეგ ხეირიანად არ უთამაშია, გასული წლის იანვარში კი ოპერაციაც გაიკეთა.
“ჩემს გუნდს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. საჭირო იყო გარკვეული მიჯნის დაწესება, რადგანაც ტკივილებით ვთამაშობდი და არ ვიცოდი, ამას ბოლო როდის მოეღებოდა. მივხვდი, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო.
ჩემებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი წლევანდელ უიმბლდონამდე გაძლება იქნება. სწორედ იქ მინდა კარიერა დავასრულო, თუმცა, შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ესეც ვერ მოვახერხო”, - განაცხადა თვალცრემლიანმა მარეიმ მელბურნში, სადაც ის 2019 წლის პირველ სლემტურნირზე სათამაშოდ არის ჩასული.


შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბრიტანელ ჩოგბურთელს სახელოვანი კარიერის განმავლობაში დიდი სლემის სამი შეჯიბრი აქვს მოგებული: 2012 წლის აშშ-ს ღია პირველობა და 2-ჯერ – უიმბლდონი, 2013 და 2016 წლებში. ამას გარდა, ენდი ერთადერთია, ვისაც ოლიმპიადაზე ერთეულთა ტურნირში 2-ჯერ (2012, 2016) უმარჯვია. სულ მის ანგარიშზე ატპ-ს 45 ტიტულია. მარეი მსოფლიოს პირველი ჩოგანი 2016 წელს გახდა და სეზონიც პირველ ადგილზე დაასრულა.
ცნობისთვის, ავსტრალიის ღია პირველობის საწყის რაუნდში ენდის მეტოქე კარგ ფორმაში მყოფი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება, ამდენად, დიდი შანსია, მან მელბურნში თამაში პირველივე წრეში დაასრულოს.

თეგებიენდი მარეი
0.121077