ფეხბურთი

15:27 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შიკუნოვი: „ანანიძეს ტრავმიანობა დასჩემდა, მაგრამ არა უშავს“

„მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკიდან“ სამარის „კრილია სოვეტოვში“ გადავიდა იჯარით. ამ გადასვლის მთავარი არსი ის იყო, რომ ჩვენებურს მოსკოვურ კლუბში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.

და აი, დღეს „კრილიას“ განვითარების დირექტორმა, ალეკსანდრ შიკუნოვმა პირველი კომენტარი გააკეთა ქართველის შესახებ.

„ჯანოსთან მიოდრაგსაც კომფორტული დამოკიდებულება აქვს (შეგახსენებთ, რომ „კრილიას“ ახლანდელი ჩერნოგორიელი დამრიგებელი, მიოდრაგ ბოჟოვიჩი, ჯანოს მწვრთნელი იყო „როსტოვში“ თამაშისას).

ჩვენ „როსტოვშიც“ ერთად ვმუშაობდით და ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ანანიძე სიამოვნებით ჩამოვიდა ბოჟოვიჩთან. თუმცა, მანამდე „ვიტესის“ ვარიანტიც გამოჩნდა.

გვეშინია თუ არა ჯანოს ტრავმების? ამაზე საუბარი არ გვინდა. ყველაფერი კარგად ვიცით. მაგრამ “როსტოვში“ ყოფნისას, მან მთელი სეზონი უტრავმოდ ითამაშა. „სპარტაკში“ კი არ უმართლებდა.

ახლა ჯანო ჯანმრთელადაა, ნორმალურ ფორმაშია და ძალიან უნდა თამაში. გვინდა მეტი პრაქტიკა მივცეთ და ის ჩვენ დაგვეხმარება. ანანიძე მაღალი კლასის ფეხბურთელია. ბოლო დროს ტრავმიანობა დასჩემდა, მაგრამ არა უშავს.

ჰოლანდიის ჩემპიონატში მოუმზადებლად ჩართვა შესაძლოა, მისთვის უარესიც ყოფილიყო. ჩვენ კი ორი თვე გვაქვს მოსამზადებლად. ჯანომ მითხრა, რომ ბოჟოვიჩთან მუშაობა მისთვის კომფორტულია.“ - განუცხადა შიკუნოვმა championat.com-ის ჟურნალისტს.

0.119444