მიიღებს თუ არა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მონაწილეობას 2019 წლის პირველ სუპერტურნირში, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ტოჩინოშინმა მოსამზადებელ ციკლში მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და დაახლოებით 1 კვირაა, საწვრთნელი შეხვედრების ჩატარებას ვერ ახერხებს.
ცხადია, დოჰიოზე გასვლის შემთხვევაში, ტრავმის კიდევ უფრო გართულების რისკი არსებობს, ამდენად, ქართველი სეკიტორი რთული გადაწყვეტილების წინაშე იმყოფება.
როგორც ცნობილია, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებას ატარებს, მოახლოებული ტურნირის გამოტოვების შემთხვევაში კი, კადობანში ჩაყენება არ ასცდება.
და ეს რას ნიშნავს? თუკი გორგაძე უკვე გაზაფხულის შეჯიბრზე დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) ვერ დააფიქსირებს, ოძეკის ტიტულთან გამოთხოვება მოუწევს.
ტოჩინოშინს გადაწყვეტილების მიღება უახლოეს პერიოდში მოუწევს, რადგანაც ჰაცუ ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 13-27 იანვარს ჩატარდება.