ზუსტად 18 წლის წინ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ვასკო და გამამ“ (1998 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულის რანგში) ჩემპიონთა ლიგის მაშინდელი ტრიუმფატორი (1999 წლის) „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. იმხანად, საკლუბო მუნდიალი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა.
რვა გუნდი თამაშობდა, რომლებიც ორ ქვეჯგუფში იყვნენ განაწილებულნი, ხოლო ტურნირს ბრაზილიამ უმასპინძლა. 2000 წლის 8 იანვარს, B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა რიოში, „მარაკანაზე“ „ვასკოსა“ და „იუნაიტედს“ შორის შედგა.
„ვასკოს“ ღირსებას იცავდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჟუნინიო პერნამბუკანო, რომელიც მალე ფრანგულ „ლიონში“ გადაბარგდა და საჯარიმო დარტყმებს დიდოსტატურად ასრულებდა. თუმცა, იმ დღეს ბრაზილიელთა დაუვიწყარი გამარჯვება მაინც შემტევმა დუეტმა გამოჭედა - რომარიომ და ედმუნდომ.
დიახ, ორივე ფეხბურთელი „ვასკოს“ შეტევის ხაზს ამაგრებდა. რომარიომ დუბლი შეასრულა, ედმუნდომ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძელთა ორი გოლი „მანჩესტერის“ მცველის, გარი ნევილის კოშმარულ თამაშს მოჰყვა...
საბოლოოდ, „ვასკო და გამამ“ ევროპის ჩემპიონი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი 3:1 დაამარცხა. ბრაზილიელებმა ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, ხოლო ინგლისელები 4 ქულით ქვეჯგუფში ჩარჩნენ.
ცნობისთვის, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ მექსიკურ „ნეკაქსასთან“ (1:1) პენალტების სერიაში (3:4) დამარცხდა. ჩემპიონის ვინაობაც საფეხბურთო ლატარიით გაირკვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „ვასკო და გამა“ „კორინთიანსს“ დაუპირისპირდა და თამაშიდან გოლი არ გასულა. პენალტებში კი „კორინთიანსმა“ 4:3 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.