ფეხბურთი

1:39 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ანდერლეხტის" მწვრთნელს გურამ კაშიას დამატებას ურჩევენ

ბრიუსელის „ანდერლეხტს“ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია დაუკავშირეს. ბელგიური გრანდი მიმდინარე სეზონში წარუმატებლად თამაშობს და რამდენიმე დღის წინ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ფრედ რუტენი.

Voetbalprimeur-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ათი ფეხბურთელია ჩამოთვლილი. წერილის არსი იმაშია, რომ ათივე ფეხბურთელს თავის დროზე რუტენის ხელმძღვანელობით უთამაშია და შესაძლოა ახლა „ანდერლეხტს“ გამოადგნენ.

ერთ-ერთი კაშიაა. გამოცემა წერს, რომ 31 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს:

„კრეატიული ფეხბურთელების გარდა, „ანდერლეხტს“ ასევე სჭირდება დაცვის ლიდერი. ამ პოზიციაზე ალბათ საუკეთესო ვარიანტი კაშია იქნება თავისი გამოცდილებით. თავისი ძველი მეგობარი რუტენი კი ამაში დაეხმარებოდა. რუტენი მასთან ერთად „ვიტესში“ 2012-2013 წლების სეზონში მუშაობდა, როდესაც არნემელები მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ქართველი გუნდის ლიდერი იყო. კაშიამ, რომელიც „ვიტესის“ გმირად იქცა, გასულ ზაფხულს რვა წლის შემდეგ ჰოლანდიის დატოვება გადაწყვიტა და კარიერა აშშ-ში გააგრძელა“, - წერს ბელგიური ვებგვერდი.

კაშიას გარდა რუტენის ყოფილ შეგირდთა შორის, რომლებიც „ანდერლეხტს“ გააძლიერებდნენ, მოხვდნენ: ელჯერო ელია, რიკ კარსდორპი, კარიმ ელ აჰმადი, ბალაშ ჯუჯაკი, ჯერმეინ ლენსი, იბრაჰიმ აფელაი, ვილფრიდ ბონი, დუგლასი და ისმაილ აისატი.

შეგახსენებთ, რომ კაშია 2018 წლის ზაფხულში ამერიკული MLS-ის ბინადარ "სან ხოსეში" გადავიდა და ამჟამად ამ გუნდის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ ფრედ რუტენს ქართველებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს. კაშიას გარდა, "ვიტესში" ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია, გელზენკირხენის "შალკეში" ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია, ხოლო ენსხედეს "ტვენტეში" გოგა გახოკიძე.

0.115746