კალათბურთი

18:45 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
“როსა რადომში” ქართველი კალათბურთელის დებიუტს 13 იანვარს ელიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას “როსა რადომში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას პოლონური გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

“როსა რადომი” პოლონეთის უმაღლეს ლიგაში (ეკსტრაკლასა) თამაშობს და ამ დროისთვის 5 მოგებითა და 9 მარცხით, სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. დუდა პოლონეთში ხვალ გაემგზავრება და უკვე ცნობილია, რომ ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, დებიუტი კი, სავარაუდოდ, 13 იანვარს ექნება, როდესაც “როსა” “სტარტ ლუბლინს” ესტუმრება.

“ბოლო პერიოდია, შემადგენლობის გაძლიერებაზე ვფიქრობდით. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, თუმცა, არჩევანი დუდა სანაძეზე შევაჩერეთ, რომელიც საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი წევრია. დუდა აშშ-ში სან დიეგოს ძლიერ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი თავისი შესაძლებლობები ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში დაამტკიცა: სლოვენიაში, იტალიასა და ესპანეთში. დარწმუნებული ვარ, სანაძე ჩვენს გუნდს სწრაფად და წარმატებულად შეეწყობა”, - აღნიშნა პოლონური კლუბის პრეზიდენტმა პიოტრ კარდაშმა.

ქართველი მცველის ტრანსფერს გამოეხმაურა ”როსა რადომის” მთავარი მწვრთნელი რობერტ ვიტკაც: “ჩვენ სწორედ სანაძის მონაცემების დარ კალათბურთელს ვეძებდით. მან თავისი კლასი იტალიურ და ესპანურ გუნდებში თამაშის დროს წარმოაჩინა, სადაც კალათბურთელები შემთხვევით ვერ ხვდებიან”.

შეგახსენებთ, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის შემდეგ, სანაძე სლოვენიურ “პრიმორსკაში” ირიცხებოდა, 2017 წელს კი იტალიურ “ფლექს პისტოიას” მიაშურა, რომლის დატოვებაც ტრავმის მიღების შემდეგ მოუხდა.

გასული წელს დუდამ 1 თვე ბექა ბურჯანაძის მხარდამხარ ესპანურ “გიპუზკოა ბასკეტში” გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა (“რეალს” 17 ქულა ჩაუგდო), თუმცა, ბასკურმა კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო, ჩვენებურთან კონტრაქტის გაგრძელება ვერ მოახერხა.

0.11604