ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალგაზრდა ძიუდოისტების სია გამოაქვეყნა, რომელთაც წესით უკვე 2019 წელს უნდა “გაისროლონ”. ნუსხაში 12 ნიჭიერი სპორტსმენი მოხვდა და სასიხარულოა, რომ მათში 3 ქართველია: ლაშა ბექაური, მარიამ ჭანტურია და გელა ზაალიშვილი. აი, რას წერს საერთაშორისო ფედერაცია ჩვენებურთა შესახებ:
ლაშა ბექაური (90 კგ.) – 18 წლის
ბაჰამებზე გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექაური ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო და ტურნირის გამარჯვებული სრულიად დამსახურებულად გახდა. საინტერესოა, რომ 2019 წელსვე მან კადეტთა მსოფლიო პირველობაზეც იმარჯვა, ოღონდ, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ლაშას IJF-ს მსოფლიო ტურში დებიუტი წელს ექნება და უდავოა, რომ ის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა.
მარიამ ჭანტურია (70 კგ.) – 18 წლის
თბილისის გრან პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჭანტურია საქართველოს ქალთა ნაკრების წამყვან წევრად მოიაზრება. მარიამმა შინაურ კედლებში წარმატება ემოციურ გარემოში იზეიმა. მას მეგობრები, ოჯახის წევრები და მთელი დარბაზი აქტიურად უჭერდა მხარს. ჭანტურია თბილისურ ტურნირზე ძალებს წლეულსაც მოსინჯავს და უდავოა, რომ წარმატებისთვის ამჯერადაც მაქსიმუმს გაიღებს.
გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) – 19 წლის
ზაალიშვილი, რომელიც იუნიორთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტიტულის მატარებელია, არ მალავს, რომ IJF-ს მსოფლიო ტურში ჩართვა წლეულსვე სურს.
შეგახსენებთ, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს პირველობის ოქროსმედალოსანი და პირველი ნომერი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ თუშიშვილია, თუმცა, გელა ამ ფაქტს აუღელვებლად ხვდება. ის საუკეთესოებთან ჭიდილისთვის მზადაა და სურს, ფავორიტებს, მათ შორის თუშიშვილსაც, რაც შეიძლება მალე შეეჯიბროს.
ვთქვათ ისიც, რომ გასული წლის მიწურულს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გელა ფინალში გავიდა, სადაც ლევან მატიაშვილთან დამარცხდა.
IJF-მა ტალანტების სიაში, ქართველ ძიუდოოისტთა გარდა, ჯისუ კიმი (57 კგ. სამხრეთ კორეა, 18 წლის), აკირა სონე (+78 კგ. იაპონია, 18), დარია ბილოდიდი (48 კგ. უკრაინა, 18), სანშირო მურაო (90 კგ. იაპონია, 18), კაია კაიზერი (57 კგ. სლოვენია, 18), ტაცურუ საიტო (+100 კგ. იაპონია, 16), უტა აბე (52 კგ. იაპონია, 18), რომეინ დიკო (+78 კგ. საფრანგეთი, 19) და გეფენ პრიმოც (52 კგ. ისრაელი, 18) შეიყვანა.