გოგა ბითაძის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. ბოლო პერიოდია, 19 წლის ქართველ ცენტრს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რაც მისი დიდებული თამაშითაა განპირობებული. მონტენეგროს “ბუდუჩნოსტის” ქართველ ლეგიონერს ამჯერად პუბლიკაცია “ევროსპორტის” იტალიურმა ვერსიამ მიუძღვნა, ჟურნალისტმა დანიელე ფანტინიმ კი ის ვეროპული კალათბურთის უმთავრეს ვარსკვლავ ლუკა დონჩიჩს შეადარა.
“ევროლიგაში ჩატარებულ ორ საწყის შეხვედრაში გოგა ბითაძემ ათლეტურობის, ფიზიკური და ტექნიკური უნარების საოცარი ნაზავი შემოგვთავაზა. ქართველი ცენტრი მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა, უკვე ცხადია, მას ძალუძს ევროლიგის ვარსკვლავი გახდეს, რომელსაც ნბა-ში კარიერა ელის.
მას შემდეგ, რაც ევროლიგა ლუკა დონჩიჩმა დატოვა, ყველანი იმ ახალი სახის გამოჩენას ველოდით, რომელიც არსებულ სიცარიელეს შეავსებდა. ახლა პასუხი გვაქვს: გოგა ბითაძე, რომელიც მცირე ხნის წინ “ბუდუჩნოსტში” ჩაირიცხა და უკვე ყველა აალაპარაკა.
თბილისელი კალათბურთელის პირველი უცხოური გუნდი სერბული “მეგა ბემაქსი” იყო, რომელმაც ნბა-ს ნიკოლა იოკიჩი მისცა, ამდენად, როგორ შეიძლება განვითარდეს გოგას კარიერა, რთული სავარაუდო არ უნდა იყოს.
ბითაძემ “მეგა ბემაქსი” ადრიატიკის ლიგაში ჩატარებული 11 მატჩის თავზე დატოვა, როდესაც 19 წლის ბიჭისთვის შთამბეჭდავი საშუალო სტატისტიკა ჰქონდა: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 2.5 დაფარება, ზუსტი ორქულიანები 64.5%, ზუსტი სამქულიანები 41.7%.
ქართველი თანამედროვე ცენტრია, რომელსაც აქტიური გარჯა მხოლოდ ფარქვეშ არ შეუძლია. გოგა კარგად უტევს საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან და მისი ასაკისთვის საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს – 211 სმ. 112 კგ.
მიუხედავად ყველაფრისა, ევროლიგაში ბითაძის ასეთ შთამბეჭდავ დებიუტს ცოტა ვინმე თუ ელოდა. “ბუდუჩნოსტში” ჩარიცხვის შემდეგ, ქართველმა განძმა “ბაიერნთან” მატჩში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, “მილანთან” კი კიდევ უფრო უკეთესი იყო: 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება, თამაშიდან 13-დან 9 ზუსტი სროლა.
ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბითაძე ნბა-ს დრაფტზე წარსდგება, სადაც ის პირველ რაუნდში, დაახლოებით 22-დან 33 ნომრამდე უნდა აირჩიონ. უდავოა, რომ გოგა დრაფტის ხუთ საუკეთესო ცენტრს შორის იქნება, სადაც ლეგენდარული მანუტე ბოლის ვაჟი – ბოლ ბოლიც ფიგურირებს. ამასთან, თამამად შეგვიძლია, გოგას ევროლიგის მიმდინარე სეზონში ამომავალი ვარსკვლავის პრიზის უმთავრეს კანდიდატად დავასახელოთ.