ფეხბურთი

22:50 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი ჩემპიონები...
ხმაურიანი საფეხბურთო სენსაციები

ფეხბურთი ხშირად არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობაა და სწორედ ესაა მისი მთავარი ხიბლი. სწორედ ამაშია განსაკუთრებული არსი და საოცარი ლტოლვა ფეხბურთისადმი. პლანეტის უპირველეს სპორტის სახეობას ხშირად მოულოდნელი და დაუგეგმავი სცენარი უხდება, ალამაზებს და აფერადებს.

დღევანდელ წერილში ვეცდებით რამდენიმე მთავარი სენსაცია გამოვყოთ, რომელიც სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის მატიანეში. იტალიური "ვერონადან" "ლესტერ სიტის" დაუვიწყარ და გაუგონარ ჩემპიონობამდე. რა თქმა უნდა, ჩვენს ჩამონათვალში ყველა წარმოუდგენელი ჩემპიონი ვერ მოხვდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ობიექტურობა დაგვეცვა და ყველაზე ხმაურიანი სენსაციები გაგვეხსენებინა.

ამ წერილში გავიხსენებთ იმ გუნდებსა და მათ განვლილ გზას, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზეს:

„ვერონა“ (1984-1985, იტალიის ჩემპიონი)

იმხანად არამარტო იტალიურ, არამედ ევროპულ ფეხბურთში ტურინის „იუვენტუსს“ საუკეთესო დროება ედგა. ჯოვანი ტრაპატონის გუნდი იტალიაში უდავო ფავორიტი იყო და მის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიშელ პლატინი ბრწყინავდა.

სეზონის წინ ტურინელთა მთავარ კონკურენტებად „რომა“ და „ინტერი“ განიხილებოდნენ, ხოლო „ვერონას“ სათვალავში არავინ აგდებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ამ გუნდს მანამდე არანაირი წარმატებისთვის არ ჰქონდა მიღწეული. საბოლოოდ კი ყველაფერი ტრიუმფით დასრულდა. ოსვალდო ბანიოლის გუნდმა მთელი სეზონი ჩინებულად ჩაატარა, 30 თამაშში 43 ქულა დააგროვა (მაშინ გამარჯვებაზე გუნდებს 2 ქულა ენიჭებოდათ) და ჩემპიონი გახდა (15 მოგება, 13 ფრე, 2 წაგება).

1985 წლის 12 მაისი - ეს თარიღი „ვერონას“ ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული. სწორედ ამ დღეს გაიფორმა ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონობა. „ვერონა“ ბერგამოში „ატალანტას“ დაუზავდა (1:1) და სერია A-ს დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაიფორმა სკუდეტო.

სეზონის სტარტზე ფავორიტად შერაცხული ჯოვანი ტრაპატონის „იუვენტუსი“ კი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. თუმცა, იმავე სეზონში „იუვემ“ ჩემპიონთა თასის მოგება ისტორიაში პირველად მოახერხა და სამშობლოში წარუმატებელი გამოსვლა ევროპაში ტრიუმფით გადაფარა. აი, „ვერონამ“ კი სკუდეტოს მოგებით საკუთარ ისტორიას ოქროს ფურცელი შემატა.

უდიდეს წარმატებაში მთავარ მწვრთნელ ოსვალდო ბანიოლის ხელმძღვანელობით დიდი წვლილი დანიელმა პრებენ ელკიაერმა, გერმანელმა ჰანს-პეტერ ბრიგელმა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ჯუზეპე გალდერიზიმ შეიტანეს.

დანია (1992, ევროპის ჩემპიონი)

დანიის ნაკრებმა ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე კვალიფიცირება საერთოდ ვერ მოახერხა. ფეხბურთელები შვებულებას სხვა და სხვა ქალაქებსა თუ კურორტებზე ატარებდნენ, როდესაც დასვენების შეწყვეტა მოუწიათ. მიზეზი? - იუგოსლავიაში არსებული საომარი ვითარება. სწორედ ამის გამო ეს გუნდი შვედეთში ვერ გაემგზავრა და მისი ადგილი შესარჩევ ციკლში მისმა კონკურენტმა დანიამ შეავსო.

რიხარდ მიოლერ-ნილსენის გუნდი A ჯგუფში მასპინძელ შვედეთთან, საფრანგეთთან და ინგლისთან მოხვდა. ბუნებრივია დანია არათუ ჩემპიონატის, არამედ ჯგუფის ფავორიტად არ განიხილებოდა და ყველა ფიქრობდა, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე მოუწევდა. თუმცა, რაც მთავარი იყო, ასე არ ფიქრობდნენ დანიელი ფეხბურთელები. სკანდინავიელებმა დიდებულად ითამაშეს და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხვეს.

ჯგუფში დანია ინგლისს დაუზავდა (0:0), რასაც შვედეთთან მარცხი მოჰყვა (0:1). საწყისი ორი ტურის შემდეგ ნილსენის გუნდს გოლიც არ ჰქონდა გატანილი და ბოლო ტურში საფრანგეთთან აუტსაიდერად ითვლებოდა. თუმცა, შანსი იყო - თუ დანია „მამლებთან“ მოიგებდა, ჯგუფიდან გავიდოდა. პარალელურ მატჩში შვედეთს ინგლისთან არ უნდა წაეგო. ასეც მოხდა, მეზობელმა შვედებმა ალბიონელები დაამარცხეს, ხოლო დანიამ თავის დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. ჰენრიკ ლარსენის გოლს მეორე ტაიმის დასაწყისში ჟან-პიერ პაპენმა უპასუხა. დანიელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ და ასე ნანატრი გოლი 78-ე წუთზე ლარს ელსტრუპმა გაიტანა! დანია ნახევარფინალში გავიდა.

თუმცა, პლეი-ოფის საწყის სტადიაზე სკანდინავიელები ყველას განწირულად მიაჩნდა. მათი მეტოქე მოქმედი ევროპის ჩემპიონი ჰოლანდია იყო, რომელიც სასვე იყო საფეხბურთო ვარსკვლავებით. თუმცა, კარგად გამოჩნდა, რომ ნილსენის გუნდი თავს არავის დაუხრიდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც. ჰენრიკ ლარსენის დუბლს (მე-6 და 33-ე წუთებზე) დენის ბერგკამპმა 23-ე წუთზე უპასუხა. დანია ძალიან ახლოს ხმაურიან გამარჯვებასთან, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ფრენკ რაიკაარდმა გაათანაბრა - 2:2. დამატებით დროში გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

იქ კი, შესრულებული 10 პენალტიდან 9 გუნდებმა გამოიყენეს. ერთადერთი იაღლიში თვით მარკო ვან ბასტენს მოუვიდა, რომელსაც პეტერ შმეიხელმა აჯობა და დანიის ნაკრებმა ოცნებისკენ სვლა გააგრძელა.

ფინალური მატჩი 1992 წლის 26 ივნისს, „ულევის“ სტადიონზე გაიმართა. დანია ისევ აუტსაიდერი იყო, რადგან მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას უნდა შეხვედროდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მთელ ჩემპიონატზე ყველაზე ადვილი გამარჯვება სკანდინავიელებმა სწორედ ფინალურ მატჩში მოიპოვეს. გერმანიამ საათივით აწყობ და ჩემპიონობისკენ შემართულ ნილსენის გუნდს პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა. ჯონ იენსენისა და კიმ ვილფორტის დარტყმებს ბოდო ილგნერი ორჯერ ვერ გაუმკლავდა, დანიამ 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. გუნდი, რომელსაც თავდაპირველად ფინალურ ეტაპზე საერთოდ ვერ უნდა ეთამაშა!

დანიის ნაკრების უდიდეს წარმატებაში მთელი გუნდის დიდი შრომა და წვლლილი იყო. თუმცა, პეტერ შმეიხელის, ჰენრიკ ლარსენის, ბრაიან ლაუდრუპის, ლარს ელსტრუპისა და ფლემენიგ პოულსენის როლი განსაკუთრებით დიდი გახლდათ.

„ფანტასტიკური სულისკვეთება გვქონდა. გუნდს გამარჯვება უნდოდა და როდესაც გერმანიასთან მატჩისწინ ზეწოლის ქვეშ მოვყევით, ეს ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ არ გვყავდა საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ საუკეთესო გუნდი ვიყავით“, - გაიხსენა წლების შემდეგ ევროპის ჩემპიონმა ნახევარმცველმა კიმ ვილფორტმა.

„ბლექბერნ როვერსი“ (1994-1995, ინგლისის ჩემპიონი)

„ბლექბერნ „როვერსი“ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ პრემიერლიგის გათამაშების მოგება მოახერხა (სათვალავში არ შედის ინგლისის ჩემპიონატი). ეს, 1995 წელს გააკეთა. არადა, „ივუდ პარკის“ ბინადრებს ასეთ დიდ წარმატებას სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, „ბლექბერნი“ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ჩემპიონობამდე. ტიტულამდე ერთი წლით ადრე მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩამორჩა.

„როვერსს“ იმხანად ლეგენდარული კენი დალგლიში წვრთნიდა, ხოლო გუნდის ლიდერი ალან შირერი იყო, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა „ვარდების“ ჩემპიონობაში.

პრემიერლიგაში მაშინ 22 გუნდი თამაშობდა და შედეგად, „ბლექბერნმა“ 42 თამაში ჩაატარა. საბოლოოდ დალგლიშის შეგირდებმა 89 ქულით (27 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება) დაასრულეს სეზონი და ერთი ქულით აჯობეს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“.

ბოლო ტური 14 მაისს შედგა და მის გამართვამდე სიტუაცია ასეთი იყო: „ბლექბერნი“ „მანჩესტერს“ ორი ქულით უსწრებდა, მაგრამ ბურთების ბალანსი გაცილებით უარესი ჰქონდა. ამიტომ, უკანასკნელ, 42-ე ტურში გამარჯვება სჭირდებოდა. სიტუაციას ის ართულებდა, რომ სტუმრად „ლივერპულთან“ უწევდა თამაში. საბოლოოდ, „ვარდებმა“ „ენფილდზე“ არათუ მოიგეს, არამედ საერთოდ წააგეს (1:2), მაგრამ პარალელურად „ვესტ ჰემისგან“ დიდი საჩუქარი მიიღეს - „მანჩესტერმა“ „ჩაქუჩებთან“ ვერ მოიგო (1:1) და ეს იმას ნიშნავდა, რომ პრემიერლიგის ისტორიაში უდიდესი სენსაცია შედგა. ეს იყო „ბლექბერნ როვერსის“ პირველი ტიტული 1914(!) წლის შემდეგ!

„მანჩესტერი“ გლობალური გუნდი იყო, ჩვენ კი პატარა ქალაქს წარმოვადგენდით და უბრალოდ კარგი გუნდი გვყავდა. ეს კონკიას ისტორიაა, ეს რომანტიკაა“, - ამბობდა კენი დალგლიში.

„ვარდების“ ისტორიულ და განუმეორებელ წარმატებაში ალან შირერმა დიდი როლი ითამაშა. ლეგენდარულმა ინგლისელმა ტრიუმფალურ სეზონში 34 გოლი გაიტანა და არამარტო გუნდის, არამედ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ალანს მისი მეწყვილე კრის სატონი 15 გოლით შეეშველა, ტიმ შერვუდმა ხუთჯერ, ხოლო გრემ ლე სომ სამჯერ გამოიჩინეს თავი.

„კაიზერსლაუტერნი“ (1997-1998, გერმანიის ჩემპიონი)

„კაიზერლსაუტერნი“ ბუნდესლიგის ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონობა აღზევებიდან პირველივე სეზონში მოახერხა. 1997 წელს, როდესაც „კაიზერი“ მეორე ბუნდესლიგიდან პირველ ბუნდესლიგაში დაწინაურდა, ამას ვინ წარმოიდგენდა?

იმხანად გერმანულ საკლუბო ფეხბურთში (როგორც ახლა) მიუხენის „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ დომინირებდნენ. ეს უკანასკნელი საერთოდაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო და მოკლედ, „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლაში „ფრიც ვალტერ შტადიონის“ ბინადრებს არავინ განიხილავდა.

თუმცა, ყოვლისშემძლე ოტო ასე არ ფიქრობდა - დიახ, „კაიზერლსაუტერნი“ არნახულ წარმატებამდე ლეგენდარულმა ოტო რეჰაგელმა მიიყვანა. მისმა გუნდმა 34 ტურში 68 ქულა მოიპოვა (19 მოგება, 11 ფრე, 4 წაგება) და უახლოეს მდევარ „ბაიერნს“ ორი ქულით აჯობა. სეზონი 1998 წლის 9 მაისს დასრულდა, მაგრამ „კაიზერმა“ ჩემპიონობა ერთი კვირით ადრე, 2 მაისს გაიფორმა.

33-ე ტურში, მას შემდეგ, რაც რეჰაგელის გუნდმა „ფრიც ვალტერზე“ „ვოლფსბურგი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო პარალელურად „ბაიერნმა“ გასვლაზე „დუისბურგს“ ვერ მოუგო (0:0). შედეგად, ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთა შორის სხვაობამ 4 ქულა შეადგინა და იმ დღეს „კაიზერლსაუტერნის“ ჩემპიონობა გაოფიციალურდა.

რეჰაგელის გუნდში ანდრეა ბრემე, მაგრამ უკვე ვეტერანი თამაშობდა (38 წლის). სამაგიეროდ, იქ იყო გერმანული ფეხბურთის ამომავლი ვარსკვლავი მიხაელ ბალაკი, ჩეხები პაველ კუკა, მიროსლავ კადლეცი და პეტრ კუბა, შვეიცარიელი ჩირიაკო სფორცა, რომელიც გუნდს 14 გოლით შეეწია და ბუნებრივია დიდი როლი ითამაშა ჩემპიონობაში. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 21 გოლით ოლაფ მარშალი გახდა.

„ოტო მოედანზე თავისუფლებას გვაძლევდა. თუმცა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ დაცვას თავდამსხმელებიც დახმარებოდნენ. ბურთისთვის მაშინვე უნდა დაგვეწყო ბრძოლა, როგორც კი დავკარგავდით“, - იხსენებს წლების შემდეგ მარშალი.

„პირველივე დღიდან „კაიზერსლაუტერნი“ ტალღის თავზე იყო. გულშემატკივარი ძალიან ემოციური იყო და გუნდიც წარმატებით თამაშობდა“, - ამბობდა რეჰაგელი.

„პორტუ“ (2003-2004, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)

„პორტუს“ ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი მანამდეც მოეპოვებინა, ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მონაწილეც იყო, სამშობლოშიც ბადალი არ ჰყავდა და წინა წელს უეფას თასზე გაემარჯვებინა. თუმცა, ერთია უეფას თასის მოგება და მეორე - ჩემპიონთა ლიგის.

ჟოზე მოურინიო ჯერ კიდე პირველ ნაბიჯებს დგამდა სამწვრთნელო ასპარეზზე და მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს უკვე მოეპოვებინა პორტუგალიის ჩემპიონობა და უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ფავორიტთა შორის არავინ მოიხსენიებდა.

„დრაკონებმა“ ასპარეზობა F ჯგუფში დაიწყეს და საბოლოოდ, მეორე ადგილზე მოახერხეს გასვლა. „მარსელთან“ (1:0) და „პარტიზანთან“ (2:1) საშინაო გამარჯვებებს, „მარსელთან“ (3:2) სტუმრად მოგებაც დაემატა. ბელგრადში „პარტიზანთან“ (1:1) და მადრიდში „რეალთან“ (1:1) ფრეებმა „პორტუს“ ჯგუფური ეტაპი 11 ქულით და მეორე ადგილით დაასრულებინა (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, შინ „რეალთან“ 1:3). შედეგად, პორტუგალიური გუნდი „რეალს“ ჩამორჩა, მაგრამ მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა.

პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე „პორტუ“ განწირული მოსჩანდა. მეტოქე თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის შედიოდა. მიუხედავად ამისა, მოურინოს გუნდმა ისტორიაში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ჯერ საკუთარ მოედანზე დაამარცხა მეტოქე (2:1), ხოლო მერე „ოლდ ტრაფორდზე“ ჩავიდა და სასურველ შედეგს უწია. პოლ სქოულზმა 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა და ინგლისელები ძალიან ახლოს იყვნენ მეოთხედფინალთან. თუმცა, ბოლო, 90-ე წუთზე კოშტინიას გოლით „პორტუმ“ მარცხისგან თავი დაიძვრინა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა. მოურინიომ კი „ოლდ ტრაფორდზე“ ისტორიული ტრიუმფი ემოციურად, ჩვეულ სტილში აღნიშნა.

მეოთხედფინალში „დრაკონებმა“ ერთი თავით აჯობეს ფრანგულ „ლიონს“. ჯერ შინ მოუგეს 2:0, ხოლო მერე სტუმრად 2:2 მშვიდად ითამაშეს და ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდნენ. ფინალამდე ერთი ნაბიჯით ადრე „პორტუს“ მეტოქე „დეპორტივო“ იყო. ესპანურმა გუნდმა მანამდე ტურნირის ორი ფავორიტი „იუვენტუსი“ (1:0, 1:0) და „მილანი“ (1:4, 4:0) მიყოლებით დაამარცხა და შესაბამისად ფავორიტად ითვლებოდა.

თუმცა, ჟოზეს პრაგმატიზმა შედეგი გამოიღო. 180 წუთში ლა კორუნიელებმა პორტუგალიელებს გოლიც ვერ გაუტანეს. პორტუში პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში „რიასორზე“ დერლეის ზუსტმა პენალტმა „პორტუ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა!

ფინალი 2004 წლის 26 მაისს, გელზენკირხენში შედგა. ფინალამდე ცნობილი იყო, რომ საფეხბურთო სამყაროში დიდ სენსაციასთან გვექნებოდა საქმე, რადგან „პორტუს“ მეტოქე ასევე მოულოდნელი ფინალისტი „მონაკო“ იყო. დიდიე დეშამის გუნდს მოურინიოს „პორტუმ“ ძალიან ადვილად აჯობა. კარლოს ალბერტომ, დეკუმ და დმიტრი ალენიჩევმა "პორტუს" ისტორიაში მეორედ მოუტანეს ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი!

„პორტუს“ ამ ტრიუმფში მოურინიოს გარდა, არაერთმა ფეხბურთელმა შეიტანეს დიდი წვლილი - ვიტორ ბაია, ნუნო ვალენტე, რიკარდო კარვალიო, ჟორჟე კოშტა, პაულო ფერეირა, კოშტინია, კარლოს ალბერტო, დეკუ სოუზა, დერლეი, ბენი მაკარტი და სხვები...

„წილისყრიდან ცოტა ხანში მანჩესტერში გავემგზავრე და მეტოქე დავზვერე. 90-ე წუთზე ვმარცხდებოდით, 91-ე წუთზე გოლი გავიტანეთ და კვალიფიცირება მოვახერხეთ. ვიგრძენი, რომ თუ „მანჩესტერის“ დამარცხება შევძელით, ე.ი. ნებისმიერ გუნდთან გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ საქმეს მშვიდად ვაკეთებდითდა თამაშს ვაკონტროლებდით. ფინალში, როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა, ჩვენ ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ ევროპის ჩემპიონობას თამაშის დასრულებამდე ვგრძნობდი“, - გაიხსენა წლების შემდეგ მოურინიომ.

საბერძნეთი (2004, ევროპის ჩემპიონი)

„პორტუს“ სენსაციური ტრიუმფიდან ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც საბერძნეთის ნაკრებმა სწორედ პორტუგალიაში უდიდესი სენსაცია მოახდინა და „დრაკონების“ გამარჯვება გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაწია.

ოტო რეჰაგელი - მწვრთნელი, რომელმაც 1998 წელს „კაიზერლსაუტერნს“ ბუნდესლიგა მოულოდნელად მოაგებინა, ამჯერად საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში. ბუნებრივია, ელადები ჩემპიონატის დაწყების წინ ფავორიტთა შორის არ იყვნენ და მეტიც, ყურადღებასაც არავინ აქცევდა. თანაც, ბერნძები რთულ ჯგუფში მოხვდნენ ტურნირის ორ ფავორიტთან ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად.

თუმცა, საბერძნეთის ნაკრები სახიფათო რომ იქნებოდა, ტურნირის გახსნის მატჩიშივე გამოჩნდა. ევრო 2004 12 ივნისს, პორტუში, „დრაგაუზე“ პორტუგალიისა და საბერძნეთის მატჩით დაიწყო - პირველი სენსაციაც იმ დღეს დაფიქსირდა. აშკარა ფავორიტად შერაცხული მასპინძელი უქულოდ დარჩა. გეორგიუს კარაგუნისის დასაწყისშივე გატანილ გოლს ანგელოს ბასინასმა 51-ე წუთზე პენალტი დაუმატა. ლუზიტანელებმა ოდენ ის მოახერხეს, რომ მსაჯის კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანეს. თავი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა.

მიუხედავად ხმაურიანი გამარჯვებისა, ბევრმა ეს შემთხვევითობად ჩათვალა. თუმცა, 4 დღის მერე, საბერძნეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პორტუგალიაში ტურისტად არ იმყოფებოდა. ისევ პორტუ, ოღონდ ამჯერად „ბესას“ სტადიონი, მეტოქე ესპანეთის ნაკრები იყო. რეჰაგელის გუნდმა ამჯერად გამარჯვება ვერ მოახერხა, მაგრამ „ფურია როხას“ არაფერი დაუთმო და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ფერნანდო მორიენტესის პირველ ტაიმში გატანილი გოლი ანგელოს ხარისტეასმა 66-ე წუთზე გაქვითა და შეხვედრაც ასე დასრულდა.

ბოლო ტურში საბერძნეთმა ჯგუფიდან უკვე გავარდნილ რუსეთთან მოულოდნელად წააგო. ცისის ვრიზასის გოლი საკმარისი არ გამოდგა - 1:2. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო საბერძნეთის ნაკრების ერთადერთი მარცხი ტურნირზე. ჯგუფიდან ელადები 4 ქულით და მეორე ადგილით გავიდნენ. სხვათა შორის, ასევე 4 ქულა დააგროვა ესპანეთმა, მაგრამ საბერძნეთის პლეი-ოფში მეტი გატანილი გოლის წყალობით გავიდა (4:4 საბერძნეთის ბურთების ბალანსი, ესპანეთის - 2:2).

ბერძენთათვის რეალურად მეოთხედფინალიც დიდი წარმატება იყო. თანაც, აქ უკვე საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეჭიდებოდა, რომელიც ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონზე საბერძნეთის ტრიუმფი შედგა - ერთადერთი გოლი ანგელოს ხარისტეასმა მეორე ტაიმში გაიტანა.

ნახევარფინალში საბერძნეთს ყველაზე რთული მატჩის გადატანა მოუხდა. მისი მეტოქე ალბათ ტურნირზე ყველაზე ლაღი ფეხბურთის მოთამაშე ჩეხეთი იყო, რომლის რიგებში პაველ ნედვედი ბრწყინავდა. იმხანად „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი ბერძენთა ბედად პირველივე ტაიმში დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. მის გარეშე კი ჩეხეთმა დაცვაში ჩინებულად მოთამაშე საბერძნეთს ვერაფერი დააკლო. შედეგად დაინიშნა დამატებით დრო, სადაც ვერცხლის გოლის სისტემა მოქმედებდა. დამატებით დროში ტრაიანოს დელასმა ისეთ დროს მოახერხა გოლის გატანა, პრაქტიკულად ოქროს გოლს უდრიდა. 105-ე წუთზე, როდესაც ყველა მეორე დამატებითი 15 წუთისთვის ემზადებოდა, „რომას“ მცველმა საბერძნეთი დააწინაურა. ჩეხებს კი დრო აღარ რჩებოდათ. შედეგად, მეორე დამატებითი დრო აღარ დაინიშნა, რადგან კარელ ბრუკნერის გუნდმა პირველ 15-წუთეულში გათანაბრება ვერ მოასწრო. საბერძნეთი ფინალში იყო!

ფინალი 4 ივლისს, ლისაბონში, „და ლუჟზე“ შედგა. ბედის ირონიით, ტურნირი იმ მატჩით სრულდებოდა, რითაც გაიხსნა: პორტუგალია - საბერძნეთი. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მასპინძლები სამი კვირის ინტერვალით საკუთარ მოედანზე მეორედ არ წააგებდნენ აუტსაიდერ საბერძნეთთან, მაგრამ „დიდი ოტო“ ასე არ ფიქრობდა! ანგელოს ხარისტეასის 57-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა და ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება შედგა.

„ჩვენ არ გვყავდა ზიდანი, სიმაუ ან კრიშტიანუ რონალდუ. ჩვენ გვქონდა მძიმე სამუშაო, ოჯახური სულისკვეთება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, იგივეა, რასაც ახლა მადრიდის „ატლეტიკო“ აკეთებს“, - განაცხადა წლების შემდეგ ბერძენთა მცველმა ტაკის ფისასმა.

საბერძნეთის ნაკრებს მაშინ ანგელოს ხარისტეასი, ანტონის ნიკოპოლიდისი, ანგელოს ბასინასი, გეორგიუს კარაგუნისი, ტრაიანოს დელასი და კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი ლიდერობდნენ. თუმცა, ამ წარმატებაში სწორედ გუნდურმა სულისკვეთებამ და მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა ითამაშეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი.

„ლესტერ სიტი“ (2015-2016, ინგლისის ჩემპიონი)

ვინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონატს, რომელშიც უმდიდრესი გუნდები „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“, თავმომწონე „ლივერპული“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ თამაშობენ, ოდესმე მოკრძალებული „ლესტერ სიტი“ მოიგებდა?!

თუმცა, ეს მოხდა და სულ რაღაც სამი წლის წინ. 2014-2015 წლების სეზონში „ლესტერი“ პრემიერლიგიდან გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, თუმცა მაშინდელმა თავკაცმა ნაიჯელ პირსონმა გუნდის ელიტაში დასატოვებლად ბევრი გაიღო. 2015 წლის ზაფხულში მას კარისკენ მაინც მიუთითეს და მის ადგილზე იტალიელი კლაუდიო რანიერი დანიშნეს. სპეციალისტი, რომელიც იქამდე საბერძნეთის ნაკრებიდან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - გამოაგდეს. რანიერის საბერძნეთი კომშარულ ფეხბურთს თამაშობდა და ფარერებს ორჯერ ვერ მოუგო. შედეგად, ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის სარისკო იყო.

თუმცა, ამ გადმოსახედიდან იტალიელი „ლესტერის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია! „მელიებმა“ სეზონი დიდებულად დაიწყეს და საწყის 6 ტურში 12 ქულა მოიხვეჭეს (3 მოგება, 3 ფრე). ამას მოჰყვა „არსენალთან“ საშინაო მარცხი (2:5), რასაც მოჰყვა საუბრები, რომ „ლესტერი“ ნელ-ნელა ჩვეულ პოზიციას, გასავარდნ ზონას დაუბრუნდებოდა. თუმცა, რეალობა სხვა იყო - გუნდი „ბოქსინგ დეიმდე“ ერთადერთი წაგებით და ლიდერთა შორის გარეული მივიდა. საერთოდ, იმ სეზონში „ლესტერმა“ მხოლოდ და მხოლოდ სამი თამაში წააგო: ორჯერ „არსენალთან“ (2:5, 1:2 და ერთხელ „ლივერპულთან“ 0:1).

ბოლო 12 ტური კი გუნდმა წაუგებლად განვლო (8 მოგება, 4 ფრე) და სასწაული ჩაიდინა - ჩემპიონი გახდა! „ლესტერ სიტის“ ზღაპარი რეალობად 2 მაისს იქცა. 36-ე ტურში, 1 მაისს, რანიერის გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერს“ დაუზავდა (1:1), ხოლო ჩემპიონობა ერთი დღის შემდეგ სხვა გუნდთა მატჩის შემდეგ მოიპოვა. მისი კონკურენტი „ტოტენჰემი“ იყო, რომელმაც იმ ტურში „ჩელსისთან“ პირველივე ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ყველაფერი ნათელი გახდა.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ლესტერს“ 77, ხოლო მდევარ „ტოტენჰემს“ 70 ქულა ჰქონდა. შედეგად, „მელიები“ ყველასთვის მიუწვდომელები და ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონები გახდნენ.

საჩემპიონო რბოლა თავიდან „ლესტერს“, „ტოტენჰემს“, „სიტისა“ და „არსენალს“ შორის მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო ტურებში მხოლოდ „ლესტერი“ და „ტოტენჰემი“ იბრძოდნენ. 2016 წლის 7 მაისს, „კინგ ფოუერ სთედიუმზე“ „ლესტერმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და ეს ისტორიული თამაში იყო - არსებობის განმავლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში! რანიერის გუნდმა საბოლოოდ 81 ქულით დაასრულა სეზონი (23 მოგება, 12 ფრე, 3 წაგება) და მეორე ადგილზე გასულ „არსენალს“ მთელი 10 ქულით გაასწრო.

გუნდის წარმატებაში რანიერისთან ერთად ბუნებრივია ფეხბურთელთა წვლილიც დიდი იყო. ჯეიმი ვარდი, რიად მაჰრეზი, დენი დრიუნქუოთერი, ვეს მორგანი, რობერტ ჰუტი, მარკ ოლბრაიტონი, ნგოლო კანტე - ეს, იმ ფეხბურთელთა ნაწილია, რომლებმაც „ლესტერის“ ისტორია შეცვალეს და დაწერეს.

„ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების, პრეზიდენტის, სტაფის და ყველა ჩვენი გულშემატკივრის გამო. ეს საოცარი გრძობაა და ბედნიერი ვარ ყველას გამო. როდესაც აქ მოვედი, ამას ნამდვილად არ ველოდი. პრაგმატული ადამიანი ვარ და მინდოდა მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე გამარჯვება. ვეხმარებოდი ჩემს გუნდს კვირიდან კვირამდე და არასდროს მიფიქრია, რომ ამას მოვახერხებდით. მე ფანტასტიკური ფეხბურთელები მყავდა, ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მიყვარს ჩემი ფეხბურთელები და ჩემპიონობა დაიმსახურეს“, - განაცხადა რანიერიმ ისტორიული ტრიუმფის შემდეგ...

0.113842