29 წლის ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჰონგ კონგში იმყოფება, სადაც ძალებს 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში სცდის.
სოფო საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება და პირველივე წრეში ურთულესი ბრძოლა გადაიტანა მე-7 ნომრად განთესილ იაპონელ ერიკა სემასთან. ყველაფერი მე-3 სეტში გადაწყდა, რომელიც ჩვენებურმა სათავისოდ დაასრულა და საბოლოოდ 6:2, 2:6, 10:8 მოიგო.
კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში შაფათავას მეტოქე კიდევ ერთი იაპონელი, მე-3 განთესვის მქონე მიიაბი ინუე იქნება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეულ ჰოლანდიელ მიქაელა კრაიჩეკსა და ჩეხ ბარბორა სტეფკოვას ეთამაშებიან.
ცნობისთვის, სოფოს WTA-ს რეიტინგში 453-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი 2014 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 186-ე ჩოგანი იყო.