27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში მეტოქის ვინაობა შეიტყო.
მელბურნულ კორტზე გორგოძის პირისპირ ვეტერანი ჩეხი ლუსი ჰრადეცკა დადგება, რომელსაც მიმდინარე კლასიფიკაციაში მხოლოდ 532-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი კი 2011 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 41-ე ჩოგანი გახლდათ.
ბოლო წლებია ჰრადეცკა ძირითად ყურადღებას წყვილთა ჩოგბურთს უთმობს, სადაც 2012 წელს რეიტინგში მე-4 პოზიციაზეც კი იყო და ახლაც საკმაოდ მაღალი საფეხური უკავია – 31-ე.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც WTA-ს კლასიფიკაციაში 164-ე ადგილზეა, ჰრადეცკას კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა 9 იანვარს გახლავთ დაგეგმილი და თუკი გორგოძემ იმარჯვა, მე-2 რაუნდში 26-ე ნომრად განთესილ ჩეხ ტერეზა სმიტკოვასა და იაპონელ აიანი შიმიზუს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
სულ, “აუსტრალიან ოუფენის” ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.