მადრიდის „რეალისთვის“ მიმდინარე სეზონი უფერულად რომ მიმდინარეობს, ეს აშკარაა. „სამეფო კლუბზე“ დადებითი გავლენა ვერც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ იქონია და სანტიაგო სოლარის ხელშიც მადრიდული გრანდი არასტაბილურია.
შედეგად, 18 ტურის მერე ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 10 ქულაა და რთული წარმოსადგენია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოახერხოს.
ამასობაში სტატისტიკოსებს საქმე მიეცათ და გაარკვიეს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში „რეალი“ ყველაზე დაბალშედეგიანობით თამაშობს. 18 ტურის მერე „ბლანკოსს“ 26 გოლი აქვს გატანილი და როგორც გაირკვა ბოლოს ასეთი მწირი რაოდნებობის გოლები (18 ტურისთვის) 1993-1994 წლების განმავლობაში ჰქონდა გატანილი.
გარდა ამისა, 18 ტურში 30 ქულა „სამეფო კლუბისთვის“ 21-ე საუკუნეში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამასთან, „სოსიედადთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2004 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო.
მოკლედ, „რეალისთვის“ 2019 წელი იდეალურად არ დაწყებულა და ვინძლო, სოლარის მალე უმუშევრობაც დაემუქროს.





