ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა ბექა ბურჯანაძემ. ქართველი ფორვარდის “გიპუზკოა ბასკეტმა” “ბრეოგანთან” სტუმრად 71:83 წააგო, ჩვენებური კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 31:19 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 6-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინ წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, სტუმრებმა მასპინძლებზე 9 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ისევე, როგორც ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი – 18.
ცუდი ისაა, რომ “გიპუზკოა ბასკეტმა” მე-15 ტურში უკვე მეთორმეტედ წააგო და ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 13 იანვარს, შინ, “მანრესასთან” გამართავს.