კალათბურთი

16:40 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

Eurobasket.com-მა ბითაძე ტურის რჩეულთა შორის მე-2 პოზიციაზე დაასახელა

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მა გოგა ბითაძე ევროლიგის მე-16 ტურის რჩეულთა შორის მე-2 ადგილზე დაასახელა, რაც 19 წლის ქართველი ცენტრისთვის დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში გოგამ იტალიაში “მილანთან” ჩატარებულ შეხვედრაში გაიბრწყინა და ევროპელი სპეციალისტები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. აი, რას ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
“ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე “ბუდუჩნოსტში” სულ ახალი გადასულია, მილანელებთან მატჩში კი მისი მონაგარი 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება იყო. ბითაძის სამწუხაროდ, მისმა გუნდმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან 94:111 წააგო.
“ბუდუჩნოსტს” ევროლიგაში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს და კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდში საწყის ნაბიჯებს დგამს, ის უკვე “ბუდუჩნოსტის” ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოთამაშეა”.
ჩვენს მხრივ დავძენთ, რომ აღნიშნულ მატჩში გოგამ 12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, 8-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ხოლო 2-ჯერ დაუფარეს. შედეგად, ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.
ბითაძის იდენტური სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა მადრიდის “რეალის” მექსიკელ ცენტრ გუსტავო აიონს, რომელსაც Eurobasket.com-მა ტურის რეიტინგში მე-3 ადგილი მიუჩინა, პირველი პოზიცია კი 23 წლის სერბ ცენტრ ნიკოლა მილუტინოვს ერგო.
პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ლეგიონერი ათენის “პანათინაიკოსთან” მატჩში დიდებულად გაისარჯა და 30:00 წუთში 18 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ამასთან კი, მის წინააღმდეგ 11-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მილუტინოვის მარგი ქმედების კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძის “ბუდუჩნოსტს” ევროლიგაში მომდევნო მატჩი 9 იანვარს, თელ ავივში, “მაკაბისთან” ელის, მანამდე კი, 6 იანვარს, ადრიატიკის ლიგის ეგიდით, შინ, “იგოკეას” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) დაუხვდება.

0.103906