ფეხბურთი

22:22 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანტის რთული გზა - ფეხის ამპუტაციის რისკიდან "რეალთან" დუბლამდე

ორი გოლი, რომელიც უბრალოდ გოლებზე მეტს ნიშნავდა. სანტი კასორლასთვის 2019 წელი იდეალურად დაიწყო - „ვილიარეალის“ 34 წლის ფეხბურთელმა მადრიდის „რეალთან“ დუბლი შეასრულა და გარდა იმისა, რომ მის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, პირადი სიმშვიდე დაიბრუნა.

სანტი კასორლა მიუხედავად იმისა, რომ ესპანური ფეხბურთის ოქროს ხანაში თამაშობდა, ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო. 2008 წლიდან დღემდე „ფურია როხას“ ღირსება 77 მატჩში დაიცვა და 14 გოლი გაიტანა. და, ეს იმის ფონზე, რომ ბოლო სამი წელი მის კარიერაში პრაქტიკულად არ არსებობდა. ორჯერ ევროპის ჩემპიონიც გახდა. არც საკლუბო დონეზე ყოფილა მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი. „ვილიარეალი“, „მალაგა“ და „არსენალი“ - ეს, იმ გუნდთა ჩამონათვალია, რომლებშიც სანტი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

უიღბლო და შეიძლება ითქვას, უბედური წლების შემდეგ ესპანელმა შემტევმა როგორც იქნა, გაიღიმა. 2013-2018 წლებში სანტიმ 8 ოპერაცია გაიკეთა და შეიძლებოდა, ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო - ფეხის ამპუტაციის სერიოზული რისკის ქვეშ იყო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ თუ სიარულს მაინც შეძლებდა, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვა. კასორლამ სიარულიც შეძლო, ფეხბურთის თამაშიც და გოლების გატანაც. თავდაპირველად დაბრუნდა გუნდში, სადაც გაიზარდა და სადაც ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. შიდა ჩემპიონატის ეგიდით გოლი 2016 წლის 10 სექტემბრის შემდეგ („არსენალი“ – „საუთჰემპტონი“) პირველად გაიტანა, ხოლო ლა ლიგაში 7-წლიანი პაუზის მერე მოახერხა თავის გამოჩენა (მაშინ „მალაგაში“ თამაშობდა).

სინათლე გვირაბის ბოლოს

კასორლას არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა და ოცნება, რომ ერთ დღეს ფეხბურთის თამაშს ისევ მოახერხებდა. ყველაფერი 2013 წელს, ესპანეთისა და ჩილეს ამხანაგურ მატჩში დაიწყო, როდესაც ფეხის ძვალი გაუტყდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მაშინდელ გუნდს, „არსენალს“ დაუბრუნდა, თითქმის ყველა თამაშს თამაშობდა, მაგრამ ტკივილს მაინც გრძნობდა. 2015 წლის დეკემბერში კი, „არსენალისა“ და „ნორვიჩის“ მატჩის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. მაშინ მისთვის სეზონი დასრულდა. მეორე ოპერაცია 2016 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ შეხვედრის შემდეგ გახდა საჭირო.

მკურნალობა კი სწორი მიმართულებით არ ჩატარებულა და შედეგად, ქუსლზე ქირურგიული ჩარევა 8-ჯერ(!) დასჭირდა. შედეგად, ფეხის ამპუტაციის რისკიც წარმოიშვა.

რეალური პრობლემის გამოვლენის შემდეგ კი ექიმების ახალმა ჯგუფმა მოახერხა კასორლასთვის ჯანმრთელობის დაბრუნება. 34 წლის ესპანელს გასულ სეზონში „არსენალის“ ღირსება საერთოდ არ დაუცავს, ხოლო ზაფხულში მშობლიურ „ვილიარეალში“ დაბრუნდა.

„ვფიქრობდი დანებებაზე, მაგრამ ჩემმა შვილმა მომცა ძალა, რომლის წყალობითაც ბრძოლა გავაგრძელე. ექიმები კი მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი შეიძლება უარესად ყოფილიყო“, - თქვა 2018 წლის 18 აგვისტოს „ვილიარეალში“ დაბრუნებულმა ფეხბურთელმა.

სანტისთვის „რეალთან“ გატანილი გოლები „მეორედ დაბადების“ შემდეგ პირველი არ ყოფილა. იქამდე, 4 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე მოსკოვის „სპარტაკის“ კარიც დალაშქრა და მერე 1 ნოემბერს, სამეფო თასზე „ალმერიასაც“ გაუტანა. მაგრამ, რად უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ „სამეფო კლუბის“ კარში შესრულებული დუბლი გაცილებით ფასობს და ბევრ რამეზე მეტყველებს?!

„ჩემთვის ეს იყო განსაკუთრებული თამაში ყოველივე იმის შემდეგ, რაც წარსულში მოხდა. დროთა განმავლობაში თავს უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ესპანელმა გმირმა „რეალთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110877