ფეხბურთი

19:03 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბელგია კარგი ტრამპლინია" - ირაკლი ბუღრიძე "ჩიხურადან" ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ირაკლი ბუღრიძე კარიერას ბელგიურ „ბეერსხოტში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია 21 წლის ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა.

WORLDSPORT.GE-სთან საუბარში ირაკლიმ თქვა, რომ ხვალ ესპანეთში ჩავა, სადაც გუნდი შეკრებას გადის, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. ხელშეკრულება 1.5+2-წლიანი იქნება. გამოდის, რომ 2020 წლის ზაფხულში კონტრაქტი გადაიხადება და თუ მხარეები თანახმა იქნებიან, ავტომატურად 2 წლით გახანგრძლივდება.

„მოლაპარაკება 1 თვე მიმდინარეობდა, ტრანსფერი კი ოფიციალურად დღეს დადასტურდა. ძალიან გახარებული ვარ, რადგან მივდივარ პერსპექტიულ გუნდში, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნება, მენდობიან. „ბეერსხოტი“ 99%-ით უმაღლეს ლიგაში გადავა და ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემთვის. ხვალ ესპანეთში მივემგზავრები, სამედიცინო შემოწმებას იქ გავივლი და გუნდიც შეკრებას იქ გადის და მეც შევუერთდები.

სიმართლე გითხრათ, სხვა ვარიანტებიც მქონდა რუსეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, აზერბაიჯანიდან და სლოვენიიდან. თუმცა, „ბეერსხოტი“ ვამჯობინე, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ბელგია და ჰოლანდია განვითარებისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია, მითუმეტეს შემტევი ფეხბურთელებისთვის“, - გვითხრა ირკალიმ.

შეგახსენებთ, რომ ბუღრიძემ გასული სეზონი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა და ეროვნულ ლიგაში 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში კი 2 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება „ბეერსხოტს“ - ბელგიის მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და ძალიან დიდი შანსია, რომ დამდეგი სეზონიდან მთავარ, იუპილერ ლიგაში ითამაშოს.

0.118569