2018-19 წლების სეზონი უცხოურ კლუბებში ცამეტმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, თუმცა, ერთი მათგანი, უჩა მაისურაძე ამჟამად უგუნდოდაა - მის თურქულ კლუბს, MYK ჰენტბოლს, ფინანსური პრობლემები შეექმნა და უჩამ შინ წამოსვლა არჩია. ამჟამად მაისურაძე უგუნდოდაა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.
-თურქეთში ხელფასის დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავია. არის ერთადერთი გუნდი, ბეშიქთაში, რომელიც რეგულარულად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და ფინანსური პრობლემები არასოდეს არა აქვს. ამ მხრივ არის კიდევ ორი ნორმალური გუნდი - იზმირის გიოზთეფე და სუპერლიგის დებიუტანტი ბატმან ბელედიესი, სხვაგან ყველგან პრობლემებია.
ამ კლუბში მესამე სეზონი დავიწყე. ჯერ ერქვა ზაგნოსსფორი და ტრაბზონის გარეუბნის გუნდი იყო. 2017 წლიდს დასაწყისიდან გუნდის მეპატრონე გახდა კომპანია MYK და ანკარაში გადავედით. მე და ლექსო წითელიშვილი ვიყავით, მერე ლექსო მაკედონიაში წავიდა. ახალი სეზონის პირველივე თამაშში 6 გოლი გავიტანე, 5 ტურის შემდეგ გრიპი მქონდა, ცოტა გამოვტოვე, მერე კი ფინანსური პრობლემები დაიწყო, ორი მატჩიც ვითამაშე და ნოემბრის შუაში წამოვედი.
- როგორ ფიქრობ, მზად ხარ ნაკრებში სათამაშოდ?
- ფიზიკურად ვემზადებოდი შინ, ლაგოდეხში. ნორმალურად ვარ. ჩემს პოზიციაზე ნაკრებში ვართ მე და ერეკლე არსენაშვილი. არის რატი მხვილიძეც, რომელმაც შარშან ხაზის პოზიციაზე ითამაშა, ლიტვის შესარჩევ ტურნირში. მე ეს ტურნირი გამოვტოვე - მეორე შვილს ველოდებოდით და მეუღლეს რთული ორსულობა ჰქონდა, იძულებული გავხდი, შეკრება მიმეტოვებინა.
- შანსებზე რას გვეტყვი და მეტოქეებს თუ იცნობ?
- ვერც კი განვიხილავ, რომ ეს ტურნირი ვერ მოვიგოთ. აი, რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. კვიპროსს ნორმალური გუნდი ჰყავს. აზერბაიჯანელებმა რამდენიმე უცხოელი დაიმატეს, როგორც ვიცი. ერთ მათგანს ვიცნობ - ერთად ვთამაშობდით ზაგნოსში. სერბი დალიბორ სუკიჩია. ახლა ანთალიის კლუბშია.
- რა პოზიციაზე თამაშობს?
- ჩემს პოზიციაზე, ხაზზე. ერთმანეთს ვცვლიდით ხოლმე. 27 წლისაა. კარგი მოთამაშეა, მაგრამ მაგარი ვინცაა, ყველა თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობს. მოკლედ, ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. შემდეგ, შემოდგომიდან გვექნება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პირველი ეტაპი, სადაც თამაშობენ ის გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ევრო 2020-ზე. ანუ აქ გრანდები არ იქნებიან და შანსი აქაც გვექნება. და თუ ეს ორი კვალიფიკაცია გავიარეთ, 2020 წელს გვექნება ორი პლეიოფი - აპრილში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრი და ივნისში - მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი. ვფიქრობ, რომ უკვე ძლიერი ნაკრები გვყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდები მოვიდნენ და მათთან თამაში ძალიან საინტერესო იქნება.
- ხელბურთის თამაში როდის დაიწყე?
- 17 წლის ვიყავი. სასოფლოში ჩავაბარე და ამ ინსტიტურის გუნდში, მამულში დავიწყე ვარჯიში, რევაზ ჭანტურიასთან. არჩევანში იმან შემიწყო ხელი, რომ მამაჩემი ხელბურთს თამაშობდა ახალგაზრდობაში და ბატონი რევაზიც ჩვენი შორეული ნათესავი იყო. საქართველოში თითქმის ყველა კლუბში მითამაშია, ჩემპიონიც ვყოფილვარ და თასის მფლობელიც. ასაკობრივ ნაკრებებში და ეროვნულშიც საკმაო გამოცდილება დამიგროვდა.
- საკლუბო კარიერის გაგრძელებას სად ფიქრობ, საქართველოში ხომ არ დაბრუნდები?
- არ ვიცი. კლუბის შერჩევაზე ჩემი აგენტი მუშაობს, მე კი ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ. როგორც გითხარით, ფავორიტები ჩვენ ვართ, არავინ გვაკლია, ყველანი ჯანმრთელად ვართ და რა უნდა მოხდეს, რომ ვერ მოვიგოთ?
უჩა მაისურაძე: დაიბადა 1986 წლის 24 აპრილს ლაგოდეხში. ხელბურთის თამაში დაიწყო 2004 წელს, თბილისის მამულში, რევაზ ჭანტურიასთან. კარიერა: მამული (2004-07) - თბილისი (2007-10, საქართველოს ჩემპიონი) - სტუ (2010-12, საქართველოს ჩემპიონი) - ბათუმი (2013-14) - ქუთაისი (2014-15) - შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (2015-16, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი) - ზაგნოსსფორი (თურქეთი, 2016-17) – MYK ჰენტბოლ (თურქეთი (2017-18), ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2007 წლიდან - ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული (2008) და ფინალისტი (2010); ოჯახი: მეუღლე მარიამ ჯავახიშვილი, შვილები: ლილე (7 წლის), ნიკოლოზი (7 თვის).
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა