დღეს, ევროლიგაში 2019 წლის პირველი მატჩები აიღებს სტარტს და საქმეში კიდევ ერთხელ ვიხილავთ 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, ჩვენებური ადრიატიკის ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ბუდუჩნოსტში” გადავიდა, რომლის მაისურითაც ძალებს იტალიურ “მილანთან” მოსინჯავს. ეს თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ახლა კი, ერთ საინტერესო დეტალზე მოგახსენებთ. ყოველი ტურის წინ, ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ოპტიმალური შემადგენლობა ქვეყნდება ტრადიციული EuroLeague Fantasy Challenge-სთვის. ესპანელმა ჟურნალისტმა ხავი კანსედომ განაცხადში 8 კალათბურთელი შეიყვანა, რომელთა შორის ბითაძეც მოხვდა. იოლი მისახვედრია, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელისთვის, რომელიც ევროპის უძლიერეს ლიგაში სულ ახალი გადასულია, ეს დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. აი, რას წერს ჟურნალისტი ევროლიგის საიტზე:
“შემადგენლობაში აუცილებლად უნდა დააყენოთ გოგა ბითაძე, რადგანაც ბიჭი უკვე ყველაფრისთვის მზადაა. ის ძალიან ეფექტურია სამწამიან ზონაში, კარგად ხსნის ორივე ფარზე და ევროლიგაში პირველ მატჩში 4 დაფარება ჰქონდა... მისი ფასი დღითიდღე გაიზრდება, ამდენად, მისი შემატებით დიდ სარგებელს ველი. და კიდევ ერთხელ ბითაძის დებიუტზე. 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი. ჰა, როგორი იყო? მისი ფანი ჯერ კიდევ 2017 წლის ახალგაზრდული “ოთხთა ფინალის” დროს გავხდი”.
და ვინ მოხვდა გოგასთან ერთად ტურისთვის შერჩეულ გუნდში? მართლაც შთამბეჭდავი კომპანიაა: მაიკ ჯეიმსი (“მილანი”, იტალია), ნანდო დე კოლო (ცსკა, რუსეთი), ვილ კლაიბერნი (ცსკა, რუსეთი), დერიკ უილიამსი (“ბაიერნი”, გერმანია), ბრენდონ დევისი (“ჟალგირისი”, ლიტვა), ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), კრის სინგლტონი (“ბარსელონა”, ესპანეთი).
სათქმელია ისიც, რომ გოგა ბითაძე ერთადერთი ქართველი კალათბურთელი იქნება, რომელიც ევროლიგის მომავალ ტურში მოედანზე გამოჩნდება. ამის მიზეზი თორნიკე შენგელიას ტრავმაა, რომელიც ჩვენებურს მოედნის მიღმა დაახლოებით 1 თვე დატოვებს. ამგვარად, ხვალ, ესპანური “ბასკონია” სტამბულში “ფენერბჰჩეს” კაპიტნის გარეშე გაეჯიბრება. აი, რას წერს ხავი კანსედო თოკოს შესახებ:
“არის რამდენიმე კალათბურთელი, რომელთა შეჩერებაც უბრალოდ შეუძლებელია. მტკიცედ მჯერა, რომ თორნიკე შენგელია ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია. მას სრული პაკეტი აქვს: ზომები, უმაღლესი ოსტატობა, ათლეტიზმი, გამოცდილება... სამწუხარო ისაა, რომ თოკო დაშავებულია და ამდენად, გუნდიდან გაშვება მომიწევს”.