გიორგი ცხოვრებაძის თამაშს მონპელიეს ძირითად გუნდში, ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა მოუთმენლად ელის. მასთან ინტერვიუც, ბუნებრივია, ამ კითხვით დავიწყეთ. რაც შეეხება მომავალ სანაკრებო შესარჩევ ტურნირს, რომელიც 11 იანვარს იწყება მალტაში, ამაზე ცხოვრებაძემ მოკლედ მოგვიჭრა - უნდა მოვიგოთ!
- ისევე როგორც წინა სეზონში, მონპელიეს მეორე გუნდში ვთამაშობ. ჯერ 17 წლისა და ოფიციალურად არსრულწლოვანი ვარ. თვრამეტის ვხდები 19 თებერვალს, მაგრამ, ფორმალურად, 1 იანვრიდან უკვე სრულწლოვნად ვითვლები და კაცების გუნდში თამაშის უფლება მექნება - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე საფრანგეთს ჩემპიონატში, თასზე და ლიგის თასზე.
- ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მონპელიე ტყუილად არ შეგიყვანდა, ესეიგი ამ სეზონშივე უნდა ველოდოთ შენს გამოჩენას?
- შესაძლოა წელსაც იყოს. ისინი არ ჩქარობენ, ფიზიკურად მამზადებენ, ცდილობენ დიდი გუნდს შემაჩვიონ, ვარჯიშით მათთან ვვარჯიშობ და ამხანაგურ თამაშებშიც მითამაშია. მე მზად ვარ წელსვე ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან კაცების გუნდში რომ ვიქნები, უკვე გადაწყვეტილია.
- რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს მონპელიესთან?
- ხუთწლიანი, 2+3. 2 სეზონი ახალგაზრდა მოთამაშის კონრაქტით ვარ და ივნისში უკვე პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერ ხელს.
- ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პირველი მატჩი მხოლოდ მერვე ტურში მოიგო და ზოგჯერ ისე უსუსურად თამაშობდა, შენი გამოჩენით გამოაცოცხლებდი თუ არა, დაშავებით ნამდვილად არაფერს არ დააშავებდი...
- არ ვიცი. მე ნამდვილად არ მეშინია კაცების გუნდში თამაშის, ფიზიკურადაც მზად ვარ, ფსიქოლოგიურადაც და გამოცდილებაც მაქვს - შარშან ლიტვაში, უკვე ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და პრობლემა არ მქონია. ახლა მონპელიეში ველოდები დებიუტს. ისე, ჯერჯერობით, ლიგის პლეიოფში მოხვედრის შანსი გვაქვს - კრისტიანსტადსა და მეშკოვ ბრესტს 5-5 ქულა აქვთ, ჩვენ - 3, ამ სამიდან ერთი გუნდი მერვედფინალში მოხვდება და სათამაშო კიდევ 4 ტურია. საფრანგეთის ჩემპიონატშიც მესამე ადგილზე ვართ და ლიდერს, პარის სენ ჟერმენს 4 ქულით ჩამოვრჩებით. ყველაფერი წინაა.
- და რა დაემართა გუნდს, ამისთანა ჩავარდნა რისი ბრალია?
- არ ვიცი. შემადგენლობა თითქმის იგივეა, მხოლოდ ლუდოვიკ ფაბრეგასი წავიდა ბარსელონაში. ტრავმები გვქონდა ბევრი - დიეგო სიმონეტმა, მიქაელს გიგუმ, იონას ტრუხანოვიჩუსმა, მათიო გრებიმ ბევრი მატჩი გამოტოვეს და ალბათ ამის ბრალია...
- შენს პოზიციაზე ვინ თამაშობს? რამდენი ცაციაა ძირითად გუნდში?
- ვალონტან პორტი, მელვინ რიშარდსონი, ჟულიენ ბოსი და სლოვენიელი ვიდ კავტიჩნიკი. კავტიჩნიკი ამ სეზონის შემდეგ მიდის. ბოსი 2017 წელის, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მარჯვენა გარემარბი გახდა, თუმცა, ძირითად გუნდში ჯერ ცოტას თამაშობს. სამაგიეროდ, კილიან ვილმინო, რომელიც თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის MVP გახდა, მონპელიეში უკვე ძირითადის მოთამაშეა.
- ჰო, მაგრამ ვილმინოც და ბოსიც შენზე სამი წლით უფროსები არიან...
- დიახ, მაგრამ მეც ველოდები ჩემ დროს. არ ვჩქარობ. ფიზიკურად ვიწრთობი, სკოლა დავამთავრე. უკვე მარტო ვცხოვრობ, პირველი წელი მიმღებ ოჯახში ვიყავი. ფრანგულად უკვე ვლაპარაკობ და ყველაფერი მესმის, მაგრამ ენის კარგი ცოდნა აუცილებელია - გინდა მოედანზე და გინდა მოედნის გარეთ.
ვთამაშობ მეორე გუნდში, რომელიც გამოდის საფრანგეთის ნაციონალ დივიზიონში. ჩემთან არიან ძმები მენგონებიც, რომლების იტალიის ნაკრების ლიდერები იყვნენ 2018 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე თბილისში. ცენტრში დგას სიმონე მენგონი, მარცხენა ინსაიდად - მისი ტყუპისცალი მარკო და მარჯვნივ - მე. ხანდახან ჟულიენ ბოსიც ჩვენს გუნდშია ხოლმე. აქ არაფერი პრობლემა არა მაქვს - ახლახან საწვრთნელი ტურნირი გვქონდა ნიმის, ტულუზის და უნიონის წინააღმდეგ - 12, 14 და 17 გოლი გავიტანე. ასე რომ, ველოდები, როდის დამაყენებენ მთავარ გუნდში.
- და ნაკრების მომავალ საკვალიფიკაციო ტურნირზე რას გვეტყვი მალტაში?
- მაგაზე ვიტყვი, რომ უნდა მოვიგოთ!
აი ასე მოგვიჭრა და ახლა მისი მოკლე ბიოგრაფიით დავასრულოთ. გიორგი ცხოვრებაძე 10 წლისა აღმოაჩინა ტიტე კალანდაძემ 161-ე სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილზე. მას შემდეგ პეგასის წევრი გახდა და კალანდაძესა და გიორგი სახვაძესთან ვარჯიშობდა და თამაშობდა. 2015 წელს 14 წლის გიორგი უკვე იყო 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა ეთამაშა, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა მის გამო ასაკობრივი ცენზი არ დაარღვია. სამაგიეროდ, 2016 წელს ცხოვრებაძე უკვე საუკეთესო მარჯვენა შუამარბი გახდა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 5 წლით უფროსებს შორის! მის კარიერაში გადამწყვეტი იყო 2017 წელი, როცა ითამაშა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემიონატზე, ხოლო გეტებორგში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა - გახდა საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი და ბომბარდირი, რის შემდეგაც მონპელიემ, ჩემპიონთა ლიგის მომავალმა, 2018 წლის გამარჯვებულმა, აჯობა მაშინდელ, 2017 წლის ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს და ახალგაზრდა ვარსკვლავთან კონტრაქტი გააფორმა. 2018 წელს, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე თბილისში 65 გოლით ბომბარდირი გახდა, ხოლო ბელარუსს 20 გოლი გაუტანა.
ეროვნულ ნაკრებში ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 15 წლისა, 2016 წლის დეკემბერში მიიწვიეს ისრაელთან ამხანაგური მატჩებისთვის, ოფიციალური დებიუტი კი 2018 წლის იანვარში, მოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჰქონდა, სადაც პირველივე მატჩში, ლატვიასთან, ძირითადი მარჯვენა ინსაიდი იყო და 7 გოლი გაიტანა.
ჯერი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზეა, რომელიც საქართველოს ნაკრებს აუცილებლად მოსაგები აქვს.
გიორგი ცხოვრებაძე: დაიბადა 2001 წლის 19 თებერვალს თბილისში. ხელბურთში ვარჯიშობს 2011 წლიდან. კარიერა: პეგასი (2012-17) - მონპელიე (საფრანგეთი, 2017-19); საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2018 წლიდან.
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა