სხვა

15:43 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თემო ორჯონიკიძე, სტუ-შევარდენიდან ფერენცვაროშამდე  

ეროვნულ ნაკრებში პირველად რომ ითამაშა, თეიმურაზ ორჯონიკიძე 17 წლის იყო. 2013 წელს, ფინეთთან უკვე მოგებულ მატჩში, ბოლო წუთზე, შვიდმეტრიანის დასარტყმელად შეუშვეს მოედანზე. მას შემდეგ მუდმივად გუნდის წევრია და 11-13 იანვარს, მალტაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, შესაძლოა, ძირითადი მარცხენა ინსაიდიც იყოს.

ხელბურთში, რა თქმა უნდა, მამამ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ მოიყვანა. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში რამდენჯერმე მოასწრო საქართველოს ჩემპიონობა, შემდეგ ორი წელი მაკედონიაში ითამაშა, ახლა კი უნგრეთის ფერენცვაროშის წევრია.

— თემო, „ფერენცვაროშში“ მაკედონიის „პელისტერიდან“ გადახვედი. დიდი განსხვავებაა მაკედონიურ და უნგრულ ხელბურთს შორის?

— უნგრელებს ბევრად უფრო ძლიერი ლიგა აქვთ. „ფერენცვაროშში“ ჰყავთ რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომ „პელისტერისგან“ განსხვავებით, გუნდის ლიდერი ვერ ვიქნები - მაგალითად, უნგრეთის ნაკრების წევრები, გაბორ ანჩინი და ტიმუჩინ შუხი. ჩვენთან თამაშობენ მონტენეგროს ნაკრების წევრებიც. ყველა პოზიციაზე მაღალი დონის ხელბურთელია.

— დღეისათვის უნგრეთის ჩემპიონატში 37 გოლი გაქვს გატანილი, თასსზე კი, სადაც მეოთხედფინალში გახვედით — ერთი. ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტის „ვესპრემის“ კარში სამი გოლი შეაგდე. როგორი თამაში იყო?

— თავიდან ბურთი ბურთზე მიდიოდა. სადღაც მეოცე წუთზე ფეხი ვიტკინე და მოედნიდან გავედი, მაგრამ როდესაც მწვრთნელი მიხვდა, რომ ვაგებდით, დამაბრუნა და ვფიქრობ გავამართლე, თუმცა, წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე, ვესპრემი და სეგედი უნგრეთის ჩემპიონატზე ფინალური ეტაპიდან თამაშობდნენ ხოლმე, თუმცა, წელს ე.წ. სეჰა ლიგაზე აღარ თამაშობენ, ეროვნულ პირვეობაში თავიდანვე ჩაერთვნენ და, მოულოდნელად, სეგედი ლიდერობს და არა ვესპრემი, ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი.

— მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე გათამაშებენ?

— დიახ. მე მარცხენა ინსაიდი ვარ, მარჯვენა ინსაიდად უნგრეთის ნაკრების წევრი გაბორ ანჩინი დგას, ხოლო გამთამაშებელი მონტენეგროელი ბოჟო ანჯელიჩია.

— „ფერენცვაროში“ უნგრეთში ცნობილი და ძლიერი კლუბია...

— ეს სწორედ ის, ბუდაპეშტის ისტორიული კლუბია, რომელსაც ჰყავს ფეხბურთის ცნობილი გუნდი; აგრეთვე, ქალთა ხელბურთის, წყალბურთის, კალათბურთის გუნდები. ხელბურთის ლიგაში ბუდაპეშტის წარმომადგენელი მარტო ჩვენი გუნდია.

— უნგრეთის ჩემპიონატი როგორი სისტემით ტარდება?

— რეგულარულ ჩემპიონატს ორ წრედ ვთამაშობთ, შემდეგ კი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით ფინალური ჯგუფი კი არ იქმნება, არამედ პირველ და მეორე ადგილებზე გასულები პირდაპირ საჩემპიონო შეხვედრებს მართავენ. ამ ორს შორის გამარჯვებული ჩემპიონია.

— მომავლის გეგმებზე რას გვეტყვი?

— უნგრეთში პირველ და მეორე ადგილებს „სეგედს“ და „ვესპრემს“ ვერავინ შეეცილება. მესამე ადგილის ბედიც წინასწარ არის ცნობილი — საეჭვოა ვინმემ „ტატაბანიას“ აჯობოს. ჩვენ დღეისათვის მერვე ადგილზე ვართ და შევეცდებით 4-6 ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, რათა ევროთასებზე მოვხვდეთ. თუმცა, აქაც დიდი კონკურენციაა. ძლიერი გუნდია „ჩუგოი“, „ბალატონფურედი“ მთლიანად 1998 წლიანთა ნაკრებისგან შედგება და რამდენიმე კარგი მოთამაშით არის გაძლიერებული. მოკლედ, ჩვენი მიზანი ექვსეულში შესვლაა.

„ფერენცვაროშის“ დღევანდელი გუნდი ფაქტობრივად ახალი შექმნილია, რადგან წლეულს ათი ახალი მოთამაშე დავემატეთ. კლუბს ძალიან ძლიერი ქალთა გუნდი ჰყავს, ვაჟთა გუნდი კი შედარებით სუსტი იყო და ახლა დაიწყეეს გაძლიერება. ამასთან, ახალგაზრდული გუნდიაო ვერ დავიჩემებ, რადგან თუ არ ვცდები ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ — 22 წლის.

გუნდში ოთხი უცხოელი ვართ და ყველას ყურადღებას გვაქცევენ. მასწავლებელი მოგვამაგრეს და კვირაში ერთხელ უნგრულის გაკვეთილებს გვიტარებენ. მსოფლიოში ერთ -ერთი ურთულესი ენააა შესასწავლად. ხელბურთს, მაგალითად, ჰქვია კეზილაბდა. მწვრთნელი ვარჯიშებს უნგრულად გვიტარებს, ინგლისური არც იცის. უცხოელ თანაგუნდელებს იქაური ბიჭები გვითარგმნიან, ძირითადად, კაპიტანი, შუხი. მწვრთნელის გარდა ინგლისურად ყველა ლაპარაკობს.

— როგორ გრძნობ, რაც უნგრეთში გადახვედი, გაიზარდე როგორც ხელბურთელი?

— უნგრეთში მაკედონიისგან განსხვავებით სულ სხვანაირ ხელბურთს თამაშობენ. მაკედონიაში ინდივიდუალიზმი მეტი იყო, ინიციატივას ჩემს თავზე ვიღებდი, ასე ვთქვათ „მიდი, მიდი“-ს ვთამაშობდით, აქ კი პრინციპულად სხვანაირი სტილია: ბევრად უფრო გუნდური თამაში მიდის. თითოეულმა ხელბურთელმა 3-4 გოლი რომ გაიტანოს და გუნდმა თამაში მოიგოს, ყველა კმაყოფილი დარჩება.

— საინტერესოა, „ფერენცვაროში“ მაკედონიაში რომ გაუშვა, იქაურ საუკეთესო გუნდებს მოუგებს?

— მე მგონი, კი. რეგულარულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს ყველას დაამარცხებს (მაკედონიაში, ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდს ემატება „ვარდარი“ და „მეტალურგი“, რომლებიც ფინალურ ჯგუფს ქმნიან და ჩემპინობისთვის იბრძვიან).

„ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით მაქვს. აქ ყველას დასანახად ხარ და თავი თუ გამოიჩინე, უკეთესი გუნდიდან ან უფრო ძლიერი ლიგიდან შემოთავაზება არ დააყოვნებს, თუმცა, ამ საკითხებს ჩემი აგენტი აგვარებს და მე მხოლოდ თამაშზე მაქვს საფიქრალი.

— ახლა ჩვენს ნაკრებზე გვითხარი. შენ 2013-ში უკვე ითამაშე ეროვნულ გუნდში. შეგიძლია მაშინდელის დღევანდელთან შედარება?

— ჯობია, ჯერ დავიწყოთ შეკრება, ვითამაშოთ, შევხედოთ და მერე უფრო მკაფიო წარმოდგენა შემექმნება. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ მგონი მაგარი გუნდი უნდა გვყავდეს. ახლა, ამ შესარჩევ ტურნირში, რომელიც 11-13 იანვარს მალტაში ჩატარდება, მოგებით ნამდვილად უნდა მოვიგოთ.

თეიმურაზ ორჯონიკიძე: დაიბადა 1996 წლის 7 თებერვალს თბილისში. ხელბურთში ვარჯიშობს 2006 წლიდან. კარიერა: სტუ-შევარდენი (2012-16, საქართველოს ჩემპიონი 2013, 14, 15) - პრილეპი (მაკედონია, 2016-17) - პელისტერი (მაკედონია, 2017-18) – ფერენცვაროში (უნგრეთი, 2018-19); საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2013 წლიდან.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.440639