ბლოგი

10:52 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი გამარჯვებების წელი

სულ რამდენიმე საათში 2018 წელი წარსულში დარჩება. გასული წელი ჩვენი ქვეყნის სპორტული მოვლენებით მართლაც დახუნძლული იყო. უფრო მეტიც - ალბათ იშვიათად გავიხსენებთ წელს, როდესაც სპორტის ამდენ სახეობაში გვქონდა ხელშესახები წარმატება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა მუდამ წინ უნდა გავიხედოთ და გვჯეროდეს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და დიდი გამარჯვებებით აღსავსე იქნება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენზე დავა და კამათი ახლაც მიდის და ასეთი პოლარიზებული დამოკიდებულება ქართველ ქომაგს კარგა ხანია არ ქონია. ზოგი ფიქრობს, რომ თუშიშვილის ნაჭიდავები და ტოჩონოშინის ნაჯაჯგურები პირველყოვლისა უნდა გამოიყოს. ბევრია ისეთი, ვისაც გასული წელი ნიკა ბასილაშვილის ჩოგნის მარჯვედ ქნევით დაამახსოვრდა. ლაშა ტალახაძის მიერ ჩადენილ სასწაულებზე და რეკორდმრავლობაზე ხომ ჩვენ კი არა მთელს დუნიაზე კიდით-კიდემდე ყველა საუბრობს.

2018 წელი ქართული რაგბისათვის ისტორიაში შევა როგორც დიდი იმედებისა და გულდაწყვეტის წელი. ამაში ცხადია ფლორენცაში, იტალიის ნაკრებთან გამართულ უმნიშვნელოვანეს ამხანაგურ შეხვედრას ვგულისხმობ, სადაც აპენინელებმა შემადგენლობაშეკვეცილ ჩვენს გუნდს მოუგეს და სალაპარაკოც მიეცათ. თუმცა, ვინც იცის ამ ბიჭების ძალა და ვისაც სჯერა ქართველი მორაგბეებისა, ის არასოდეს გაიტეხავს გულს და არასოდეს ჩაიქნევს ხელს. მით უმეტეს, რომ წინ მთელი ცხოვრებაა!

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი ჩემპიონობა და უფაჩულიო საკალათბურთო ნაკრების უიღბლობა და ამის მიუხედავად ბოლოს მაინც ღირსეული თამაშიც არ უნდა გამოგვრჩეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნონა გაფრინდაშვილი ყველა ასაკში ჩემპიონია. თუმცა წელს უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ალბათ პირველად მოხდა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებმაც გაიჟღერეს და ახლა ამას რომ ვწერ - მეც მიკვირს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯერ არც ევროპის ჩემპიონატზე გასულა და არც რაიმე ტიტული მოუგია. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ერთა ლიგაზე ალბათ ყველაზე სუსტ ნაკრებებთან იპირველეს, მაგრამ მაინც როგორ არ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები სადღაც პირველზე გავიდა და სადღაც (თუნდაც გადაკარგულში) თქვეს, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უპირობო ფავორიტია. ორი წლის წინ ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთული იყო.

წელს გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი თამაში ლამის უკვე გადაფარა ამ ბიჭის გარშემო დატრიალებულმა ტყუილ-მართალმა ამბებმა. ქართულმა ტოტალიზატორებმა ფსონებიც კი დააწესეს იმის გამოსაცნობად, თუ რომელ კლუბში შეიძლება გააგრძელოს ჩვენმა მთავარმა იმედმა ასპარეზობა. ეს სჯა-ბაასი და ოცობოდია კარგია თუ ცუდია, მოდით ეს დრომ გადაწყვიტოს. ისე კი ნამდვილად ვისურვებდით, რომ გაურკვევლობას მალე მოფენოდეს ნათელი და ამ ბიჭის შესახებ ქართული თუ ევროპული გამოცემები მხოლოდ მის მიერ ნათამაშები კარგი თამაშების გამო წერდნენ და დასრულდეს ეს მკითხაობა. ერთი სიტყვით, ყველაფერი წინაა!

დაბოლოს, ჩვენს ერთგულ მკითხველებს გილოცავთ დამდეგ 2019 წელს და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი სპორტსმენები ყველას ერთად გაგვახარებენ კიდევ უფრო დიდი წარმატებებითა და გამარჯვებებით. სხვა სფეროებზე ვისაც უნდა იდავოს, მაგრამ სპორტში ჩვენ არავისზე ნაკლები ბიჭები და გოგონები გვყავს!

0.14238