კალათბურთი

4:50 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას შედეგიანი მატჩი და "დეტროიტის" დრამატული მარცხი

ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში 2018 წელი მარცხით დაასრულა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც სტუმრად „ორლანდო მეჯიქთან“ დრამატულ ბრძოლაში ბოლო წამზე დამარცხდა - 107:109.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ პერიოში მასპინძლებმა იძალეს, მაგრამ მეორე მეოთხედი უკვე „დეტროიტის“ გამოდგა. შედეგად, რა გასაკვირია, რომ მატჩის ბედი საფინალო სირენამდე გარკვეული არ იყო. შეხვედრის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა, როდესაც „ორლანდოს“ შეტევის საშუალება მიეცა. მიუხედავად მცირე დროისა, მასპინძლებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და ფრანგმა ევან ფურნიემ საფინალო სირენასთან ერთად მოათავსა ბურთი კალათში. შეხვედრის ბედიც ამ ორქულიანმა გადაწყვიტა და „მეჯიქმა“ 109:107 გაიმარჯვა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ „დეტროიტში“ გადაბარგების შემდეგ ზაზას საუკეთესო მატჩიც ჰქონდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში შედეგიანად ითამაშა - 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის მოხსნების რაოდენობით მხოლოდ ანდრე დრემონდს ჩამორჩა (14 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო შედეგიანი პასებით ბლეიქ გრიფინს (15 ქულა, 5 პასი). აი, ჩაჭრებსა და ბლოკშოტებში „დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა.

„ორლანდოს“ რიგებში მონტენეგროელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა აარონ გორდონმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი).

„დეტროიტი“ 34 თამაშში 16 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები სტუმრად 2 იანვარს, ზაზას კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებენ.

0.141289