ფეხბურთი

3:15 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მსგავსი არაფერი მინახავს" - კლაუდიო რანიერი შეგირდს გაუწყრა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში „ფულჰემმა“ უშუალო კონკურენტი „ჰადერსფილდი“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწია.

გამარჯვების გოლი მსაჯის კომპენსირებულ დროში ალექსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა, თუმცა სანამ სერბი თავს გამოიჩენდა, იქამდე ლონდონელთა თავკაცი კლაუდიო რანიერი გაბრაზდა.

საქმე ისაა, რომ „კოტეჯელებმა“ მე-80 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. როგორც წესი „ფულჰემში“ თერთმეტმეტრიანებს მიტროვიჩი ასრულებს, მაგრამ ბურთთან აბუბაკარ კამარა მივიდა, რომელმაც უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გამოიმუშავა. საგულისხმოა, რომ მანამდე, ლონდონელთა ბოლო პენალტი სწორედ კამარამ გაიტანა, თუმცა მაშინ მიტროვიჩი მოედანზე არ იყო.

ამჯერად კი, სერბსა და ფრანგს შორის ბურთისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. კამარამ არ დაუთმო თანაგუნდელს დარტყმა და პენალტი ვერ გაიტანა. ნამატჩევს რანიერიმ შეგირდი საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ უპატივცემულოდ მოიქცა, თანაც ბოდიშიც არ მოიხადა.

„მან პატივი არ სცა გუნდს, თანაგუნდელებს, პუბლიკას, მე. დარტყმა უნდოდა, რადგან ბოლო პენალტი გაიტანა, მაგრამ ჩემი მიდგომა ნათელია. ვესაუბრე, თუმცა, ვერ გაიგო. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა და ბოდიშიც არ მოუხდია. ასეთი საქციელი აქამდე არასდროს მინახავს“, - განაცხადა რანიერიმ.

0.116232