კალათბურთი

0:30 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ტრავმა და მარცხი “რეალთან”

2018 წლის დასკვნითი მატჩი დანავსული გამოდგა თორნიკე შენგელიასთვის. ქართველი კალათბურთელის “ბასკონიამ” საშინაო არენაზე პრინციპულ მეტოქე მადრიდის “რეალთან” 74:91 წააგო, თოკომ კი მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:21 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის ბასკური კლუბის რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ უკანახაზელ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

“რეალის” რიგებში მინიმუმ 12 ქულა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მოაგროვა, არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო (15 ქულა, 10 პასი) და კაბო ვერდელი ვალტერ ტავარეში (14 ქულა, 10 მოხსნა) კი ორმაგ დუბლს გამორჩნენ.
აღსანიშნავია, რომ “ბუესა არენაზე” გამართულ შეხვედრას 15 544 მაყურებელი დაესწრო, რითაც ესპანური ლიგის ყველა დროის რეკორდი იქნა გამეორებული. იდენტური მაჩვენებელი 2015-16 წლების სეზონში დაფიქსირდა და საინტერესოა, რომ მაშინაც “ბასკონია”-”რეალის” ჯახზე.

“ბასკონიას” 10 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად, “მანრესასთან” გამართავს, თუმცა, ქართველი კალათბურთელი მოედანზე გასვლას შესძლებს თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.

0.142206