სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში საკონფერენციო მატჩები დაიწყო და შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.
ქართველი ლეგიონერის გუნდი შინაურ კედლებში ფავორიტად შერაცხულ “სენტ ჯონსს” დაუხვდა, რომელსაც მანამდე თორმეტივე თამაში მოგებული ჰქონდა.
მატჩის ბედი ზუსტად ბოლო წამზე გადაწყდა, როდესაც მამუკელაშვილმა პერიმეტრზე პასით შავარ რეინოლდსი მოსძებნა და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 76:74.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-ვე ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ბიგ ისთის კონფერენციაში მოთამაშე “სეთონ ჰოლს” მომდევნო მატჩი 3 იანვარს, სტუმრად, “ქსავიერთან” ელის, რომელმაც საკონფერენციო მატჩები ასევე მოგებით გახსნა.