ფეხბურთი

3:20 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და კრიშტიანუ სათავეში

იტალიის სერია A სამკვირიან პაუზაზე გავიდა, კალჩოში 2018 წელი და მიმდინარე სეზონის პირველი წრეც დასრულდა. დასრულდა რეკორდით და ვინ თუ არა, „იუვენტუსმა“ დაამყარა.

ტურინელთაგან რეკორდი რა გასაკვირია, მაგრამ მაინც - „იუვემ“ პირველი წრე 53 ქულით დაასრულა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერია A-ს ისტორიაში. მას შემდეგ, რაც ერთ წრეში 19 ტური თამაშდება, საუკეთესო შედეგი 52 ქულა იყო (2005-2006 და 2013-2014 წლებში) და ისიც „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა. ახლა, „ბებერმა სინიორამ“ თავისივე მიღწევა გააუმჯობესა.

მე-19 ტურში მე-17 გამარჯვება „იუვემ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიასთან“ მოიპოვა და 2018 წელი კარგ ხასიათზე დაასრულა. იტალიის ჩემპიონს კრიშტიანუ რონალდუმ მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. შუაში, ფაბიო კვალიარელამ ერთი ხანობა გათანაბრება მოახერხა. ისე, „სამპამ“ მსაჯის კომპენსირებულ დროში მეორედაც გაათანაბრა, მაგრამ რიკარდო საპონარა სანამ გოლს გაიტანდა, იქამდე თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლიც გაუქმდა. „იუვემ“ მოიგო, „იუვე“ ლიდერია და თავს ჩინებულად გრძნობს. ამასობაში, კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა 14 გოლით და საინტერესოა, რომ პორტუგალიელმა სერია A-ში გოლეადორთა შორის გალიდერება პირველად მოახერხა.

„იუვენტუსი“ ისევ 9 ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც თითქოს აუტსაიდერი და ერთობ უფერულად მოასპარეზე „ბოლონია“ ადვილად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ... კარლო ანჩელოტის გუნდი ორჯერ იგებდა არკადიუშ მილიკის გოლებით. ორჯერვე, სანტანდერმა და დანილომ გაათააბრეს და შეხვედრაც ასეთი დასასრულისკენ მიდიოდა. თუმცა, 88-ე წუთზე დრის მერტენსმა ნეაპოლიტანელებს ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა და „ნაპოლიმ“ 9-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა სეზონის პირველი ნაწილი.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - „ინტერმა“ ბოლოსკენ გატეხა ტოსკანაში „ემპოლის“ მედგარი წინააღმდეგობა და კეიტა ბალდეს გვიანი გოლით მოიგო. საქმეში ვანხეთ ლევან მჭედლიძე, რომელმაც ბოლო 15 წუთი ითამაშა და ბოლოსკენ გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარს ააცილა. შედეგად, „ნერაძური“ დიდ პაუზაზე მესამე ადგილით გავიდა.

„ლაციო“ ისევ ოთხეულშია, მაგრამ რად გინდა - „მილანიცა“ და „რომაც“ კუდზე აზიან. სიმონე ინძაგის გუნდი მეტად არასტაბილურია და ამჯერად შინ „ტორინოს“ ვერ მოუგო. მოგებას ვინ ჩივის, „ლაციო“ საერთოდ აგებდა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ფანტასტიკური გოლით გაათანაბრა. ისე, ტურინელებს არაერთი რეალური მომენტი ჰქონდათ და მოკლედ, რომაელები ამ ჯერზე ქულითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „ტორინო“ „იუვენტუსთან“ ერთად სტუმრად დაუმარცხებელია - ტურინული გუნდები სტუმრად არ აგებენ...

„რომა“ მიუახლოვდა ოთხეულს და ეს პარმაში მნიშვნელოვანი გამარჯვების შედეგად. ბრაიან კრისტანტესა და ჯენგიზ იუნდერის გოლებით „ჯალოროსიმ“ მეორე ტაიმში გატეხა „მერძევეთა“ წინააღმდეგობა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ორი ქულით ჩამორჩება.

2018 წელი კი „მილანი“ „სპალის“ მატჩით დასრულდა. „როსონერის“ ბოლო 4 შეხვედრაში გოლიც არ ჰქონდა გატანილი და ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი იყო. თუმცა, „სან სიროზე“ ჯენარო გატუზოს გუნდისთვის კარგად არაფერი დაწყებულა. მე-13 წუთზე ექსმილანელმა ანდრეა პეტანიამ „სპალი“ დააწინაურა. ბედად, „როსონერიმ“ სწრაფადვე სამუ კასტილიეხოს მოხდენილი გოლით გაათანაბრა. აი გამარჯვების გოლი კი გონსალო იგუაინმა გაიტანა. „პიპიტამ“ მეტად ემოციურად არნიშნა ნანატრი გოლი და კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა. ყოველშემთხვევაში ცოტა ხნით მაინც შეძლებს მათ გაჩუმებას. ბოლოს, „სპალს“ შეეძლო გათანაბრება და ჯანლუიჯი დონარუმა იყო ბრწყინვალე. „მილანმა“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ქულა აშორებს.

იტალიის სერია A 20 იანვარს განახლდება. იქამდე, პატარა პაუზა იქნება, მერე იტალიის თასის მერვედფინალური შეხვედრები და იტალიის სუპერთასის მატჩიც შედგება. მოკლედ, რეალურად კალჩომ არა სამი, არამედ ორკვირიანი შვებულება აიღო.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 რონალდუ (2), 1:1 კვალიარელა (33, პენ), 2:1 რონალდუ (65, პენ)

„კიევო“ – „ფროზინონე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯაკერინი (76)

„ემპოლი“ – „ინტერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კეიტა (72)

„ჯენოა“ – „ფიორენტინა“ 0:0 (0:0)

„პარმა“ – „რომა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კრისტანტე (58), 0:2 ჯენგიზ იუნდერი (75)

„ლაციო“ – „ტორინო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბელოტი (45, პენ), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (62)

„სასუოლო“ – „ატალანტა“ 2:6 (0:2)

გოლები: 0:1 ძაპატა (19), 0:2 გომესი (42), 1:2 დანკანი (51), 1:3 მანჩინი (54), 2:3 დანკანი (57), 2:4 ილიჩიჩი (74), 2:5 ილიჩიჩი (86), 2:6 ილიჩიჩი (90)

„უდინეზე“ – „კალიარი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პუსეტო (39), 2:0 ბეჰრამი (57)

„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 მილიკი (15), 1:1 სანტანდერი (37), 2:1 მილიკი (52), 2:2 დანილო (80), 3:2 მერტენსი (88)

„მილანი“ – „სპალი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 პეტანია (13), 1:1 კასტილიეხო (16), 2:1 იგუაინი (64)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.308243