კალათბურთი

15:19 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის შედეგიანი დაბრუნება
ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ახალ გუნდს კარგად შეეწყო

23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ ტრავმა მოსალოდნელზე ადრე მოიშუშა, ახალი კლუბის – იტალიური “დინამო კალიარის” მაისურით საწყისი მატჩები ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საინტერესოა, რომ სარდინიელებმა სეზონი 1 მოგებითა და 10 მარცხით გახსნეს, გუნდში ქართველი ფორვარდის გამოჩენის შემდეგ კი, ორივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს.
თავდაპირველად, “კალიარი დინამო” “ბეიკერის” ესტუმრა და 77:74 მოიგო, გიგა კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა.
ჯანელიძემ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელებს ჩამორჩა: ენტონი მაილსმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ჯასტინ ჯონსონმა კი – 17 ქულა და 6 მოხსნა.
გასულ ტურში “დინამო კალიარი” შინაურ კედლებში “ტერმოფორჯიას” დაუხვდა და 89:85 სძლია, ქართველი ფორვარდი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23 წუთში 17 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
გიგამ 2-ვე ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჯანელიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და მას ისევ მხოლოდ ამერიკელმა ლეგიონერებმა აჯობეს: ენტონი მაილსმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო ჯასტინ ჯონსონმა – 20 ქულა და 12 მოხსნა.
კალიარელებს, რომლებიც იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში ირჯებიან, 3 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდათ და კვლავაც ბოლო – მე-16 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა კი, ერთბაშად ოთხ გუნდს მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან.
ჯანელიგის გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 დეკემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “ბოლონიასთან” ელის, რომელსაც 13-დან 12 მატჩი აქვს მოგებული.

0.128133