კალათბურთი

0:39 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ქართულ” დუელში “ბასკონიამ” იმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიას” დაუხვდა და 64:81 დამარცხდა, მოედანზე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 მოთამაშე ვიხილეთ.

საინტერესოა, რომ კარლოს სუარესის არყოფნაში, მალაგელთა კაპიტნად შერმადინი მოგვევლინა, ბასკონიელთა კაპიტანი კი განაცხადში არ ყოფილა. მცირე ხნის წინ, შენგელიას შვილი შეეძინა, რის გამოც ესპანურმა კლუბმა მას რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:58 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჯენინგი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:04 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტმა 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
“ბასკონიამ” 13 ტურში მე-10 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ “ბარსელონას” ჩამორჩება, “უნიკახა” კი 9 გამარჯვებით მეოთხეა.
29 დეკემბერს მალაგელები ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტს” ესტუმრებიან. 30-ში კი, “ბასკონია” “რეალს” დაუხვდება.

0.11787