გიორგი პაპუნაშვილის დიდებული დაბრუნება! ქართველი შემტევის უიღბლო პერიოდი შესანიშნავად დასრულდა - მინდორს გამარჯვების გოლით დაუბრუნდა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში "სარაგოსამ" "ექსტრემადურა" 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ჩვენებურმა გაიტანა. პაპუნაშვილი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ზუსტად 10 წუთში თავი გამოიჩინა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა! ქართველმა შემტევმა გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და ბუნებრივია, ყვითელი ბარათიც მიიღო. გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა - რამდენიმე მცველის გარემოცვაში ჩინებულად იმოქმედა და ძლიერად, რაც მთავარია ზუსტად დაარტყა.
მიმდინარე სეზონში ეს პაპუნაშვილის პირველი გოლია ლა ლიგა 2-ში (მეექვსე მატჩში), ისე კი, სამეფო თასზე ჰქონდა გატანილი 12 სექტემბერს "დეპორტივოსთან". აქვე გეტყვით, რომ ტრავმის გამო გიორგის სამი თვე გაუცდა და ეს იყო მისი პირველი თამაში 28 სექტემბრის შემდეგ.
"სარაგოსამ" კი ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზე იმყოფება.