ფეხბურთი

4:10 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "გენტში" შიშობენ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზულია"

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს. 19 წლის ქართველმა ბელგიის თასზე "სენტ ტრუიდენთან" მარჯვენა მუხლი დაიზიანა და თავიდან თითქოს საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ ახლა "გენტს" შეშფოთების საფუძველი აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას Voetbalkrant.com-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგი კალენდარული მატჩის წინ, რომელიც "გენტმა" "სერკლ ბრიუგესთან" ჩაატარა (4:1), გაფართოებულ განაცხადში მოხვდა, მაგრამ სამატჩო განაცხადში ვერ ვნახეთ. ბელგიური მედიის ცნობით, ჩაკვეტაძის თამაში თავიდანვე გამორიცხული გახლდათ და თავდაპირველად მისი განაცხადში ყოფნა, იეს თორუპის გუნდის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მეტოქის დაბნევას ემსახურებოდა.

ახლა, გიორგის მორიგი სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს, რომელიც უფრო ნათლად გამოაჩენს პასუხს, მაგრამ ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "გენტში" შიშობენ, რომ დაზიანება სერიოზულია...

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.141296