21 დეკემბერს, ლაგოდეხის ტექნიკურ ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლების და განვითარების განყოფილებამ, კახეთის რეგიონალური ფედერაციის ჩართულობით, ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო.
2 დღიანი ინტენსიური გადამზადების შედეგად, კახეთის რეგიონიდან 50-ზე მეტი მწვრთნელი უეფა-ს C ლიცენზიის მფლობელი გახდება, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა უეფა-ს B ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად.
სემინარები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს მოიცავს და უეფას მოთხოვნების შესაბამისად ტარდება.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, მწვრთნელებისათვის აღნიშნული კურსი სრულიად უფასოა.
სფფ-ის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის განცხადებით, აღნიშნული მწვრთნელთა საგანმანათლებლო სისტემის ერთიანი მიდგომის ნაწილია და ნებისმიერი ლიცენზიის უეფას სტანდარტების შესაბამისობას ითვალისწინებს:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და კახეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით, ეროვნული C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გადამზადება სწორედ კახეთიდან დაიწყო. სემინარები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, რათა სრულად მოვახდინოთ ამ ლიცენზიის მწვრთნელთა უეფას შესაბამისად გადამზადება, როგორც ამას სფფ-ის სამწვრთნელო განათლების მიდგომა ითვალისწინებს.“
2019 წელს, ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადება მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
www.gff.ge